ცოტა ხნის წინ იტალიელმა მეცნიერებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს.
ამ ქვეყნის ანთროპოლოგებმა დიდი მხატვრისა და გამომგონებლის, ლეონარდო დავინჩის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს მის ხელნაწერებზე.
სამწლიანი შესწავლის შემდეგ დაასკვნეს, რომ ბატონი ლეონარდო ჭუჭყიანი ხელებით ფურცლავდა ჩანაწერებს. სულ დავინჩის 52 დოკუმენტზე აღმოაჩინეს გენიოსის ნათითურები.
ამ აღმოჩენის მეშვეობით მეცნიერებმა დავინჩის მარცხენა ხელის საჩვენებლისა და ცერა თითის ანაბეჭდები სრულად აღადგინეს.
გამოკვლევების შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ხელოვანი მუშაობისას ჭამდა და ამავე დროს თითებს ფუნჯის მაგივრად იყენებდა. ცნობილია, რომ ის ცაცია იყო.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ იმის გარკვევასაც მოახერხებენ, თუ რას ჭამდა დიდი მხატვარი. მით უმეტეს, რომ რაღაც-რაღაცეები უკვე გაარკვიეს. მისი თითის კანის ქსოვილი ისეთივეა, როგორიც აღმოსავლეთის ხალხს ახასიათებს.
ასეთი ქსოვილი დაახლოებით ახლო აღმოსავლეთის ხალხების 60 პროცენტს აქვს. ეს აღმოჩენა მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ის მოსაზრება, რომ ლეონარდოს დედა კატერინა მონა იყო, შესაძლოა, სიმართლე ყოფილიყო.
აქამდე ამ ვერსიას მხოლოდ ის ადასტურებდა, რომ მე-15 საუკუნეში, როცა მხატვარი დაიბადა, მონა ქალების ყოლა იტალიაში მოდაში იყო.
სახელი კატერინა კი – ყველაზე გავრცელებული. მეცნიერებს იმედი აქვთ, ამ ანაბეჭდებზე მისი სისხლისა და ნერწყვის კვალსაც იპოვიან და დნმ-საც დაადგენენ.