ახალციხის ერთ-ერთი კლინიკის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და შესაძლოა, გული ნებისმიერ დროს გაუჩერდეს.
“ამ წუთში პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა გამოწვეულია, სავარაუდოდ, როგორც ანამნეზიდან ირკვევა ანაფილაქსიური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა. მინდა გითხრათ, რომ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს გულის გაჩერებით კვლავ”, – განაცხადა რატიანმა.
ცნობისთვის, ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან დაახლოებით ნახევარ საათში კომაში ჩავარდა.
ის სამკურნალოდ ახალციხიდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.