ის, რომ ანაფილაქსიური მაჩვენებლები ფიქსირდებოდა, ამის შესახებ ვაქცინის გვერდით მოვლენებში აქამდეც მითითებული იყო. სამწუხაროა, რომ ჩვენ ძალიან ადრე და ერთ-ერთი პირველები მოვხვდით ამ ანაფილაქსიური რეაქციების სიაში და გამოსავალიც ასეთი ცუდი მივიღეთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის დღეში“ განაცხადა.
„ქვეყანას აქვს მოულოდნელი გვერდითი რეაქციების მართვის შესაძლებლობა და ჩვენ ასევე გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია გაგრძელდეს კონცეტრირებულად მრავალპროფილურ სტაციონარებში. გუშინდელი შემთხვევაც კლინიკაში მოხდა, ერთი წუთიც არ დაგვიკარგავს არც ტრანსპორტირებაზე და არც იმაზე, რომ პაციენტს დროულად მიეღო შესაბამისი დახმარება. სადაც იმუნიზაცია ტარდება, ყველა კაბინეტი აღჭურვილია შოკის მართვის შესაძლებლობებით. როდესაც ეს ამბულატორიაში ხდება, გარკვეული დრო შეიძლება დაიკარგოს ტრანსპორტირებაზე, მაგრამ როდესაც სტაციონარში ხდება, რაც გუშინ მოხდა, ამ შემთხვევაში არცერთი წუთი არ დაკარგულა.
სამომავლოდ რომ გადაზღვეულები ვიყოთ, სადმე დრო რომ არ დაიკარგოს, გვირჩევნია ეს ყველაფერი გაგრძელდეს მულტიპროფილურ სტაციონარებში, სადაც იქვე არის რეანიმაციული განყოფილება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
27 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხეში კორონავირუსზე აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, გარდაიცვალა. ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა.ის გუშინვე, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ახალციხის კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტის წარმომადგენლები ვაქცინაციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განცხადა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.