,,არც აციეს, არც აცხელეს და გახარია ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს იმისათვის, რათა შეასრულოს მისია და შექმნას „ქართული ოცნება 2“, _ ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებას.
მარგველაშვილი, მადლობას უხდის ქართულ ოცნებას ყურადღებით მოსმენისთვის და დავალების შესრულებისთვის
ჟურნალისტის კითხვაზე: აპირებს თუ არა გიორგი გახარიასთან ერთად პოლიტიკაში ყოფნას, მარგველაშვილი აღნიშნულს გამორიცხავს.
„პარასკევს საღამოს მე ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩნდებოდა. არც აციეს, არც აცხელეს და გახარია ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს იმისათვის, რათა შეასრულოს მისია და შექმნას „ქართული ოცნება 2“. მადლობა „ქართულ ოცნებას“ ასე ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს იმ დავალებებს, რომლებსაც აქედან გავცემთ.
ამ კომენტარის შემდეგ მეკითხებით, „ქართული ოცნება 2“-ის თანადამფუძნებელი ვიქნები თუ არა? რა თქმა უნდა არა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ასევე, გიორგი მარგველაშვილის თქმით, მომავალი გულისხმობს ახალ პოლიტიკური ცენტრის შექმნას, რომელიც დაასტაბილურებს ორ პოლიტიკურ ვექტორს და იქნება ქართული საზოგადოების პირდაპირი შეკვეთის შემსრულებელი.
„ეს ალტერნატივა არის სტაბილურობის ალტერნატივა და წარმოადგენს ახალ ცენტრს, რომელსაც უკვეთავს ქართული საზოგადოება. ქართულმა საზოგადოებამ ნახა ერთი ხელისუფლებაც და მეორეც, მაგრამ მომავალი გულისხმობს ახალ პოლიტიკურ ცენტრს, რომელიც დაასტაბილურებს ამ ორ ვექტორს და იქნება ქართული საზოგადოების პირდაპირი შეკვეთის შემსრულებელი. ასეთი არის ოპოზიციური ძალა, რომელიც ემსახურება ქვეყნის ევროატლანტიკური, მშვიდობიანი განვითარების მიზნებს“, – ამბობს გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ – მინისტრმა, გიორგიმ გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
„არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.