,,ორპარტიული კოალიცია, ორმოცამდე ამერიკელი სენატორი, მათ შორის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენენდესი, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდებს“, – ამის შესახებ ინფორმაციას thehill ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, სენატორების განცხადებაში ნათქვამია, რომ „1915-1923 წლებში ოსმალეთის იმპერია სისტემატიურად ცდილობდა სომხური მოსახლეობის განადგურებას, რის შედეგადაც 1.5 მილიონი სომეხი მოკლეს, ხოლო ასობით ათასი ადამიანი სამშობლოდან გააძევეს.
როგორც the hill წერს, ამერიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენმა ოფიციალურად უნდა აღიაროს გენოციდი, რათა მკაფიოდ გაჟღერდეს ის, რომ აშშ-ის მთავრობა ამ საშინელ ჭეშმარიტებას აღიარებს“.
„ჩვენ ვუერთდებით სომხურ საზოგადოებას შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოში და პატივს მივაგებთ მსხვერპლთა ხსოვნას და მტკიცედ ვეწინააღმდეგებით იმის მცდელობებს, რომ სომეხი ხალხის განადგურების ორგანიზებული მცდელობა გენოციდის გარდა სხვანაირად იყოს წარმოჩენილი. თქვენ სწორად განაცხადეთ, რომ ამერიკული დიპლომატია და საგარეო პოლიტიკა ჩვენს ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს. ეს ღირებულებები მოითხოვს, რომ ვაღიაროთ სიმართლე და შევეცადოთ, თავიდან ავიცილოთ მომავალი გენოციდები და კაცობრიობის წინააღმდეგ სხვა დანაშაულები“ – აღნიშნულია „რესპუბლიკელი“ და „დემოკრატი“ სენატორების ერთობლივ განცხადებაში.
ცნობისთვის, 2020 წლის 12 დეკემბერს აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია სომეხთა გენოციდის შესახებ. მანამდე რეზოლუციას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამაც დაუჭირა მხარი.
მრავალი ისტორიკოსი და არაერთი ქვეყანა გენოციდად მიიჩნევს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვასა და დეპორტაციას.
თურქეთი კი აცხადებს, რომ სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო და ეს მსხვერპლი მოჰყვა სამოქალაქო არეულობას და არა ოსმალეთის იმპერიის მიზანმიმართულ პოლიტიკას სომხების გასანადგურებლად.