,,მელიას დაპატიმრება ქართული დემოკრატიისთვის უკანგადადგმული ნაბიჯი იყო“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯორჯ კენტმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ, აშშ-ის მხარდაჭერით, დემოკრატიის განვითარებას და დამოუკიდებლობას მიაღწია. თუმცა, მან ჯერ კიდევ უნდა იმუშაოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ნორმების გასაძლიერებლად.
„საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი შემაშფოთებელია. ეუთომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური შეაფასა, როგორც კონკურენტული, სადაც ფუნდამენტური თავისუფლება დაცული იყო, თუმცა მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ბუნდოვანმა ზღვარმა, პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა.
ოპოზიციის ლიდერის, მელიას დაკავებამ კრიზისი კიდევ უფრო გააძლიერა. მელიას დაპატიმრება ქართული დემოკრატიისთვის უკანგადადგმული ნაბიჯი იყო.
ეს მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი აშშ უნდა იყოს გულწრფელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან, განსაკუთრებით მმართველ პარტიასთან. დასავლეთთან ინტეგრაცია გამოწვევებით სავსე გზაა, რომელიც დემოკრატიული წესების, საერთო ღირებულებების მიმართ აშკარა ერთგულებას მოითხოვს.
საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, გადალახონ ეს კრიზისი. პასუხისმგებლობა, როგორც მარცხზე, ასევე წარმატებაზე მათ ეკისრებათ. მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მარცხი შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, შეაფერხებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.
ჯორჯ კენტმა, ასევე აღნიშნა, რომ საქართველო რჩება შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველო რჩება შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორი შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს არჩევანს, გახდეს ნატოს წევრი“,- აღნიშნა ჯორჯ კენტმა.