ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობს გაბრიელ მდინარაძეს 93 წელი შეუსრუდა.
„დღეს ჩემი მამიკოს დაბადების დღეა.ადამიანის,რომელიც უზომოდ მიყვარს.ადამიანის,ვისთან ერთადაც ბევრი რამ გადავიტანეთ.ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით ბედნიერებაც,სიხარულიც და დიდი ტკივილიც.დღეს 93 წელი უსრულდება ჩემს ” პაპუჩის ” ჩემს მეგობარს და მესაიდუმლეს. მადლობა უფალო,“ – წერს სოციალურ ქსელში გაბრიელ მდინარაძის შვილი, მსახიობი თამარ მდინარაძე.
გაბრიელ მდინარაძე დაიბადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში. დაამთავრა ბახვის საშუალო სკოლა 1947 წელს; 1950-1954წწ. სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე.
1954 წლიდან არის ოზურგეთის თეატრის მსახიობი. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: გაიოზი (გ. ბერძენიშვილის “სიყვარულის ძალა”), ჩინჩახელი (კ. ბუაჩიძის “ეზოში ავი ძაღლია”), დათიკო (ი. ჭავჭავაძის “გლახის ნაამბობი”), ნეზმანოვი (ა. ოსტროვსკის “უდანაშაულო დამნაშავენი”), პლატონი (დ. კლდიაშვილის “სამანიშვილის დედინაცვალი”), ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის “რევიზორი”), ექიმი (ნ. დუმბაძე, გ. ლორთქიფანიძე “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”), ჯილბერტო (ვ. ჰიუგოს “მარიამ ტიუდორი”), გაბრიელი (ი. ვაკელის “აპრაკუნე”), ქსანთე (გ. ფიგეირედოს “მელა და ყურძენი”), შილინი (ვ. დარასელის “კიკვიძე”), პორფირე ბიაშვილი (დ. კლდიაშვილის “ქამუშაძის გაჭირვება”) და სხვ.
1968 წელს გახდა საქართველოს დამსახურებული არტისტი. ისე ასევე არის საქართველოს სახალხო არტისტი.
2012 წელს გაბრიელ მდინარაძეს ოზურგეთში გაუხსნეს მისი სახელობის ვარსკვლავი, 2015 წელს ის გახდა ოზურგეთის საპატიო მოქალაქე, 2018 წლის 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მსახიობ გაბრიელ (გაბო) მდინარაძეს ხელოვნების ქურუმი გადასცა.
ეს მცირედი ინფორმაციაა გაბრიელ მდინარაძეზე, რომელმაც ოზურგეთის თეატრის ისტორიაში დიდი ეპოქა შექმნა.
ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით სპექტალს “მონატრებას“ რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძე დგამს. სწორედ ამ სპექტაკლში ვიხილავთ 93 წლის მსახიობს.