,,ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ, ეს არსებობდა თქვენი ბელადის, სააკაშვილის დროს“, _ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ისაუბრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობაზე.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, “ვადამდელი არჩევნები არ იქნება და იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება შედგება.
„ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება. ამაზე საუბარი ჩვენ დავასრულეთ. ამაზე ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები მოვისმინეთ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის და ა.შ ეუთო/ოდირის დასკვნები, ჩვენი არჩევნები მთელმა მსოფლიომ აღიარა და მოგვილოცა, რა არჩევნებზე მელაპარაკებით? რაც შეეხება ჩვენს დიალოგს, რა თქმა უნდა, ჩვენი დიალოგი გრძელდება. დიდი იმედი მაქვს და მინდა პოზიტიური, ოპტიმისტური მოლოდინი დავიტოვო, რომ ეს შეთანხმება შედგება. ჩვენი მხრიდან არ ჰქონია და არც ექნება რაიმე დესტრუქციას ადგილი. პირიქით, ჩვენ ამის მომსწრენი გავხდით ოპოზიციის მხრიდან, როდესაც მათ რეალურად ჩაშალეს დიალოგი და ისინი არ წამოვიდნენ კომპრომისზე. ჩვენ ვართ მზად, რომ რეალურად გონივრული და სამართლიანი კომპრომისი იქნას მიღწეული. ახლა, ჯერი არის ოპოზიციაზე, რა თქმა უნდა. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ, ეს არსებობდა თქვენი ბელადის, სააკაშვილის დროს“, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.