“მე არ მეგონა, რომ საქართველოს მთავრობა გაბედავდა და დაიცავდა პოზნერს ქართველი ხალხისგან. ამას არ ველოდი ამ მთავრობისგანაც კი, მაგრამ საქართველოს მთავრობა ხო არ არსებობს, არსებობს ერთი ბიძინა ივანიშვილი და მისი რუპორები”, – ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ბერძენიშვილმა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები”, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტისა და შემდეგ განვითარებული მოვლენების შეფასებისას ისაუბრა.
ბერძენიშვილი მმართველი გუნდის მიერ, რუსი პროპაგანდისტის დასაცავად გაკეთებულ განცხადებესაც გამოეხმაურა და თქვა, რომ კარგი იქნებოდა მმართველი გუნდიდან “ვიღაცამ, ეს იქნება კობახიძე თუ სხვა, წერა-კითხვა ისწავლოს”.
“კარგად ვერ გავიგე მამუკა მდინარაძის ლოგიკა, ბატონ მამუკას მგონი ცოტა თავში პრობლემები აქვს ლოგიკასთან, თუ რუსეთის ხალხი დახვდა, ამ რუსეთის საყვარელ ჟურნალისტს როგორ აგინეს? ასეთი გაუგრებობა როგორ მოხდა კრემლის კაბინეტებს შორის? ეს სახლში თვითონ უნდა გაარკვიოს. იმიტომ, რომ რუსეთის ანგენტი ვინცაა, სახეზე აწერია. მადლობა ღმერთს, რომ რუსეთს ასეთი უტვინო აგენტურა ჰყავს საქართველოში… არ ვიცი, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს რა ვუწოდო. ფიგურა რომ ვთქვა, ძალიან დიდი სიტყვაა, პაიკიც – დიდი სიტყვაა, ესაა დიდი არარაობა, რომელმაც ხმა ამოიღო და იმ ქვეყანას რა ვუთხარი ასეთი პრემიერ-მინისტრი რომ ეყოლება, თან მეორედ. ეს არის უკვე ქართველი ხალხის ძალიან დიდი შეცდომა. არ შეიძლება ჩვენ ხალხს ასეთი ბრიყვი ადამიანი, წარმოუდგენელი არარაობა ჰყავდეს კონსტიტუციით პირველ პირად, – თქვა ლევან ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტები მას საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციები გაიმართა როგორც სასტუმრო “რუმსთან”, ისე “ვინოტელთან”, სადაც პუტინის მეგობრებმა ივახშმეს. მწვავე პროტესტის გამო, პოზნერმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, 1-ელ აპრილს, გამთენიას დატოვა. მოსკოვში ჩასვლის შემდეგ კი ადგილობრივ მედიასთან თქვა, რომ “ადამიანები, რომლებმაც ეს ალიაქოთი მოაწყვეს, ყურადღების ღირსი არ არიან.”
წყარო: მთავარი არხი”