საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ შალვა თავდიშვილმა, დღეს, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე კატეგორიულად მოითხოვა, გაარკვიონ, რომელ კომპანიას გაჰყავს გურიის ტეროტორიაზე ინტერნეტი.
„გურიის ტერიტორიაზე შემოვიდა ინტერნეტის გამყვანი კომპანია. ჯალალედინს არ აუოხრებია ასე საქართველო, როგორც ამათ ჩვენი სოფლები მოაოხრეს. დახეთქეს გაზის მილები, გადათხარეს ყველაფერი. ამოღებული მიწა დააყარეს ისევ მილებს. გადათხრილია ყველაფერი. მანქანას ვერ გადააყენებ, ორმოში ჩავარდები. ძიმითში არ შეიძლება გავლა, ისეთი ამბავია. ქალაქში არ დადიხართ? რას ჰგავს ქუჩები… ვეუბნები, ვინ არის ხელმძღვანელი-მეთქი. მიმასწავლეს და კაცი მეუბნება, მე ქვეკონტრაქტორი ვარო. მივედი მომდევნოსთან. ის მეუბნება, მე რა ვიცი, ხუთი ქვეკონტრაქტორი მყავს და რომელი გაბრაზებთო. ვინაა ეს ხალხი საიდან მოვიდნენ? შარშან თქვეს, აგვისტოში იქნება ინტერნეტიო და მარტია ახლა. გვიხაროდა, ძლიერი ინტერნეტი იქნებაო. თუ ინტერნეტი არ გვექნებოდა, რატომ მოვასპობინეთ ეს გზები? ვინაა ეს ხალხი? ბოლოს და ბოლოს, რას აკეთებენ? “ _ გაბრაზებული, ხმამაღლა საუბრობდა თავდიშვილი.
საკრებულოს წევრები დაეთანხმნენ თავდიშვილს, რომ კრიტიკა სამართლიანია.
მერე კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ უპასუხა:
_ გვქონდა კომუნიკაცია კომპანიის წარმომადგენლებთან. გვითხრეს, რომ დააგვიანდათ, თუმცა, გააგრძელებენ და დაასრულებენ. მაკვანეთი, ცხემლისხიდი და სხვა სოფლები დაასრულეს და გააგრძელებენ. მინდა გითხრათ, რომ ოზურგეთი იყო პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც დაიწყო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ეს მოხდა მთავრობის დადგენილებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერით. 140 კმ ქსელი გაკეთდა და დასრულდება აუცილებლად.
_რაღაცას საზღვარი ხომ აქვს? როდის უნდა დასრულდეს? ვერ გაივლი, ისეთი ამბავია, _ ღურჯუმელიძეს სიტყვა შეაწყვეტინა თავდიშვილმა_ ვინ არიან ესენი?
_მართალს ამბობს. საერთოდ დატოვეს რამდენიმე ადგილი მოუწესრიგებელი და ტელეფონსაც არ იღებენ, რომ ვურეკავთ, _ თავდიშვილს შეეშველა საკრებულოს წევრი ლავრენტი ბიგვავამ.
_დაასრულებენ, აუცილებლად გაკეთდება, _ თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ.
„გურია ნიუსი“ აღნიშნულ თემაზე, მალე ვრცლად უამბობს ჩვენს მკითხველებს.