“პოლიციელს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ბრალი წარედგინა“, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, 4 დეკემბერს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროს ინსპექტორს, რომელიც თბილისის იუსტიციის სახლთან სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, შელაპარაკება მოუვიდა იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქესთან, რა დროსაც, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაცვის პოლიციის თანამშრომელმა რაცია რამდენჯერმე ჩაარტყა მოქალაქეს თავში. მოქალაქემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება 2020 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს პროკურატურიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ათობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტები, გამოიკითხა 20-მდე მოწმე, ამოღებულ იქნა დანაშაულის იარაღი, გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ჩატარდა სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზები”, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, პროკურატურამ 7 აპრილს გამოიტანა დადგენილება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. აღნიშნული ბრალდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ წარედგინა.