,,ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ ისტორიულ საარჩევნო რეფორმას, რომელიც ნდობის პრობლემას მოხსნის“, _ ამის შესახებ განაცხადა პარტია ,,მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
“მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა დეტალების დაზუსტება და კიდევ უფრო გაკეთილშობილება ამ საშვილიშვილო რეფორმის. მე დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არაფერი შეუთანხმებელი და გაურკვეველი არ არის საარჩევნო საკითხებზე ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის და ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ ისტორიულ საარჩევნო რეფორმას, რომელიც ნდობის პრობლემას მოხსნის. იქ არის ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგალითად, თითის ანაბეჭდები, რომლის გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია, ჩვენ გვახსოვს მარკირება როგორი წყალ-წყალა და ტყუილი იყო, პერიმეტრი გაიზრდება 150 მეტრამდე, რომ იქ ხალხის დაყოვნება აღარ იყოს, ასე რომ ჩაცუცქული ძველი ბიჭები, სუს- ის მანქანები, კოორდინატორები, გახვითქული ქალები – ესენი აღარ იქნება, სამი ლაივ-სტრიმ კამერა იქნება პირდაპირ ეთერში, თუმცა რევოლუციურს რაც ხდის ამ ცვლილებებს არის ორი კომპონენტი – ელექტრომთვლელი მანქანები, რომლებიც არჩევნების დასრულებიდან ერთ საათში უკვე ზუსტ შედეგს გვეტყვიან და მეორე – იქნება თუ არა საჩივრები, რამდენიმე დღეში, ცესკო მთელი საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 10 პროცენტს გადაითვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყალბება უბრალოდ აზრს დაკარგავს. შეიძლება ვიღაც იდიოტი, გულანთებული რომელიმე პარტიის აქტივისტი ან კომისიის წევრი ყრიდეს ძველი ინერციით ბიულეტინებს, მაგრამ უბრალოდ აზრი დაეკარგება, ამაო გარჯა იქნება”, _ განაცხადა ელისაშვილმა.