,,ძალიან გაუგებარია დემოკრატიის ასე შეფასება, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტია არ უნდა იყოს, ამიტომ არანაირი ფუფუნების საშუალება „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მივცეთ“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკით პარლამენტში გასულმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების, საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში წარმოდგენილი არ იქნება.
ნატო ჩხეიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკმაოდ სერიოზული, რთული და მძიმე გადაწყვეტილების წინაშე დგას და მათთან ერთად ბლოკიც.
მისი თქმით, რაც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით, ოპოზიციური ერთობა დაიშალა, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ერთობა შენარჩუნებული იყოს იმ პოლიტიკურ პარტიათა გადაწყვეტილებებში, რომლებსაც დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერიათ.
ნატო ჩხეიძის აზრით, ბოიკოტს ნამდვილად ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სრულიად სხვა ვითარება შეიქმნა, არსებული ფორმით ბოიკოტმა აზრი დაკარგა.
„ახლა, ამ ვითარებაში, ყველას, ვინც არ ვართ ხელისმომწერები 19 აპრილის შეთანხმების, ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ერთნაირი გადაწყვეტილება გვქონდეს და აქ აღარ მოხდეს რაიმე ცვლილება გადაწყვეტილებებში.
განსხვავებული პოზიციები აქვთ არა მარტო მათ, ვინც არ არის სიაში, არამედ მათაც, ვინც სიაშია, ასე არ არის, რომ ვინც სიაშია, მათ უნდათ რომ შევიდნენ. ასეთი მიმართულება რომ ყოფილიყო, 19 აპრილსაც მოეწერებოდა ხელი. ჩვენს ერთობას ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აქ გადაწყვეტილების დროს არ უნდა იყოს მკვეთრი სხვადასხვაობა, იმიტომ, რომ ეს კიდევ უფრო გულს გაუტეხს საზოგადოებას, ამომრჩეველს იმით, რომ დაღავდა ისედაც ერთიანი ოპოზიციური ბლოკი, რომელსაც მაგიდა ერქვა და „ოცნება“ ფანჩატურს ეძახდა. აქედან გამომდინარე, ვინც დავრჩით, ჩვენი ერთობა არ უნდა დაიშალოს და ერთ გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეთ. ვფიქრობ, რომ იმ გადაწყვეტილებას, რასაც ბლოკი მიიღებს და იმ გადაწყვეტილებას შორის, რაც ჩვენმა პარტიამ მიიღო, არ იქნება სხვაობა.
„ქართულ ოცნებას“, რომელსაც დიდი ხანია ეოცნებებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაესამარებინა, მოეთავებინა თუ დაესრულებინა და დღეს ირაკლი კობახიძის აზრიც მოვისმინეთ, რომ დემოკრატიისთვის თურმე უკეთესი ასეაო, – ძალიან გაუგებარია დემოკრატიის ასე შეფასება, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტია არ უნდა იყოს, ამიტომ არანაირი ფუფუნების საშუალება „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მივცეთ,“- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.