ჩინურ ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული ვაქცინით „სინოვაკით“ იმუნიზაციის პროცესი დღეიდან იწყება. „სინოვაკი“ „სინოფარმის“ მსგავსად, ინაქტივირებული ვაქცინაა.
ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მილიონი დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, ადგილობრივი მარეგულირებლის დახმარებით „სინოვაკის“ გამოყენება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის გარეშე არის შესაძლებელი.
ივანე ჩხაიძის თქმით, უახლეს დასკვნებზე დაყრდნობით „სინოვაკის“ ეფექტიანობა „ფეიზერის“ ვაქცინას უტოლდება _ მას მხოლოდ ლოკალური გვერდითი მოვლენები ახასიათებს, რომელიც 2-3 დღე გრძელდება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ მცირე, ერთი დოზით მაინც, 109 395 ადამიანი აიცრა. ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.