რუსთავის საქალაქო ბიბლიოთეკასთან არსებულმა 60+ კლუბმა უმასპინძლა შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი და ლიბერთი ბანკი.
ღონისძიებას დაესწრნენ UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და ლიბერთი ბანკის ქვემო ქართლის რეგიონული დირექტორი თენგიზ სვანიძე.
60+ კლუბის წევრებთან, თემაზე „ჯანმრთელობის ხელშეწყობა 60+ ასაკში“ ისაუბრა ლელა სტურუამ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) არაგადამდებ დაავადებათა განყოფილების უფროსმა. ხოლო პრეზენტაცია საპენსიო ასაკის მომხმარებელთა უფლებების შესახებ წარმოადინა ნანა კოტეტიშვილმა, ლიბერთი ბანკის ინციდენტების მართვის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსმა.
„60+ კლუბები“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ეს არის წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. ლიბერთი ბანკი 2020 წლიდან არის რუსთავის 60+ კლუბის აქტიური მხარდამჭერი.
(R)