სულ „ქართულ ოცნებაზე“ რომ ლოცულობდეს დილიდან დაღამებამდე და არ ვარგოდეს მოსამართლედ, თქვენ გგონიათ ჩვენ მხარს დავუჭერთ? – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქრონიკაში“ განაცხდა.
„ჩვენ ვაპირებთ დავამტკიცოთ მოსამართლეები და სასამართლომ თავის საქციელით დაამტკიცოს, რომ სასამართლოა. სააკაშვილის დროს სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი არ ჰქონია. თითქმის იგივე შემადგენლობაა და სასამართლოც გადახალისდა. სტრასბურგში საჩივრები და განცხადებები შემცირდა 7-ჯერ. 5 700 დან ჩამოვიდა 800-მდე. ეს რაღაცაზე ხომ მეტყველებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
მისი თქმით, საქართველოს სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხით მსოფლიოში მე-18 ადგილზეა.
პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას მომავალ კვირას დაიწყებს. სამუშაო ჯგუფმა კანდიდატების დოკუმენტაცია უკვე შეისწავლა. ოპოზიცია პროცესის არალეგიტიმურობაზე საუბრობს და ამ დრომდე ფიქრობს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა გასაუბრების პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ მათ პროცესში ჩართულობისკენ დიპლომატებმაც მოუწოდეს.