გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ქარელი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი ადასტურებს.
მისი თქმით, დირექტორმა, თანამდებობის დატოვების შესახებ, განცხადებით განათლების სამინისტროს უკვე მიმართა.
ზურაბ ქარელმა 5 ივლისს აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩების განცხადებას ჰომოფობიური კომენტარით უპასუხა. ,,ყველამ თავის ბ*ზ მამიდას მიხედოს” – ასეთი კომენტარი დაურთო ელჩების განცხადებას.
ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება თბილისში განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით ასეთი იყო:
,,ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას. მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა.”
ზურაბ ქარელი, გორის მე-5 სკოლის დირექტორად დაინიშნა 2018 წლის ოქტომბერში. ის 2016 წელს, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე, გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს.
ზურაბ ქარელი გორის რესურსცენტრის უფროსად 2013-2016 წლებში მუშაობდა. შიდა აუდიტის დასკვნის მიხედვით, რომელიც 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, იგი არაჯეროვნად ასრულებდა მოვალეობას, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა, თანაც განმეორებითი სახის დარღვევებს.
წყარო: qartli.ge