„პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გვექნება. პირველ რიგში, ეს გზავნილი შეეხება 19 აპრილის შეთანხმების დარღვევას, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მოსამართლეების დანიშვნის საკითხს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციონერებისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრის დაწყებამდე.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი არღვევს იმ პირობებს, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტითაა გაწერილი.
„პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გვექნება. პირველ რიგში, ეს გზავნილი შეეხება 19 აპრილის შეთანხმების დარღვევას, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მოსამართლეების დანიშვნის საკითხს. „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია ეს შეთანხმება და ყველაფერს აკეთებდა, რომ ის დარღვეულიყო და ამისთვის დღემდე ყველაფერს აკეთებს. ასევე, საუბრის თემა იქნება საქართველოს მომავალი – დემოკრატიული უკუსვლა, ის, რომ დემოკრატიული კურსი, რომელიც ძალიან აშფოთებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ძალიან აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ყველაფერს აკეთებს, უარი თქვას ევროატლანტიკურ კურსზე, რომელიც ამ ქვეყნის მრავალი თაობის მონაპოვარია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ბათუმში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.
შარლ მიშელი საქართველოს 18 ივლისს ეწვია. დღეს ის ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.
გარდა საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისა, ის ბათუმში მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება.