ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ სოფლის მოსახლეობის ვაქცინაციით მოცვის გაუმჯობესებისთვის საჭიროებისამებრ შესაძლებელია გასვლითი მობილური ამბულატორიების გამოყენება.
„რაიონული ცენტრების დაწესებულებები, რომლებიც 66 რაიონში ფუნქციონირებს, ემსახურება სოფლის მოსახლეობას სპეციალიზირებული სერვისებისთვის და ამ დაწესებულებების პასუხისმგებლობად მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება სოფლის მოსახლეობის ვაქცინაციით მოცვა. მოცვა განხორციელდება ოჯახის ექიმების ჩართულობით სოფლის ამბულატორიის დონეზე, ასევე შესაძლებელია, სადაც საჭირო იქნება, გასვლითი მობილური ამბულატორიების გამოყენება, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სოფლის მოსახლეობაც აიცრას. აქ საუბარია „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაციაზე სოფლის დონეზე. „ფაიზერი“ ჯერჯერობით მობილური ბრიგადის ფარგლებში განიხილება მხოლოდ ქრონიკულ ან მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების შემთხვევაში, მათთან ვაქცინაციის ჯგუფი გადის რეანომობილის თანხლებით და ბინაზე ხდება მათი აცრა, ეს პროცესი უკვე დაწყებულია თბილისში და კიდევ უფრო სწრაფად წავა სხვა რეგიონებში“, – განაცხადა გაბუნიამ.