15 სექტემბრიდან სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირებს სახელმწიფო კოვიდ ტესტირებას იმ შემთხვევაში დაუფინანსებს, თუ ისინი ორჯერადად აცრილები იქნებიან. ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ესენციურ ჯგუფებს ეხება, რომელთა შორის მასწავლებლებიც არიან.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, დღეს, 17 აგვისტოს, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სახელმწიფო ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს ტესტირებაში, 15 სექტემბრიდან ვფიქრობთ, რომ ის ესენციურ ჯგუფები, რომლებიც აუცილებლად იტესტებიან სახელმწიფოს მიერ აღარ გაიტესტებიან, სახელმწიფოს დაფინანსებით. მათ ვალდებულება ექნებათ, რომ ტესტი ჩაიტარონ, მაგრამ თუ ვაქცინირებულნი იქნებიან ორჯერ, მაშინ ისევ სახელმწიფო დააფინანსებს ამ პროცედურას. თუ არ იქნებიან ვაქცინირებულები, მაშინ დამსაქმებელმა, ან თითონ უნდა გადაიხადოს. სახელმწიფო უზრუნველყოფს უფასოდ მიაწოდოს მათ ვაქცინა და კეთილი ინებონ და აიცრან, თუ არა და ვალდებულებაა, რომ ისინი ორ კვირაში ერთხელ ტესტრებული იქნენ. ესენი იქნებიან ესენციური ჯგუფები, როგორებიც არიან, მასწავლებლები, პოლიციელები, მოლების თანამშრომლები და სხვა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 6 208 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 539 პირი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 12.97%.