მარიამ ჩხიკვაძე ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. იგი ოტავას უნივერსიტეტის სტეპენდიანტია. როგორ მივიდა აქამდე, თავად მარიამი მოგვიყვება.
_ მეექვსე კლასში ვიყავი, როდესაც “Future Achievers International” პროგრამაში ჩავერთე, რომელსაც ახორციელებს კანადის, ოტავას უნივერსიტეტი. ეს პროგრამა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების დახმარებას, რომელთაც არ აქვთ საშუალება გზა გაიკვალონ საზღვარგარეთ. არამარტო საზღვარგარეთ, არამედ, ზოგადად, უმაღლესში სწავლის გაგრძელების საშუალება ყველას არ აქვს, ამაში კი ეს პროგრამა ეხმარება ნიჭიერ და ნაკლებად შეძლებულ მოსწავლეებს.
როგორც მარიამი გვიყვება, პროგრამაში მონაწილეობა დედის დახმარებით შეძლო.
_ პროგრამაში მონაწილეობა დედაჩემის დახმარებით შევძელი, გავამზადეთ და გავაგზავნეთ საბუთები, სადაც აღწერილი იყო ჩემი მიღწევები პირველი კლასიდან მეექვსე კლასის ჩათვლით: სიგელები, ფოტომასალა და ვიდეომასალა, აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი საბუთი, ამავდროულად, სკოლის დირექტორის რეკომენდაცია. საქართველოში აირჩიეს 3 ახალგაზრდა, მათ შორის მოვხვდი მეც და ძალიან ბედნიერი ვიყავი. მათ მომანიჭეს სტატუსი და ვარ ოტავას უნივერსიტეტის სტიპენდიანტი.
დიდი შანსი მაქვს, რომ ამ პროგრამით საზღვარგარეთ მივიღო განათლება. ყოველწლიურად სკოლის ელექტრონული ფოსტით დირექტორი აგზავნის ჩემ მიერ გამზადებულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას, რომელიც ზემოთ ვახსენე და ამავე მეილზე მოდის პასუხები სტატუსის განახლების შესახებ, რომელსაც აგზავნის ოტავას უნივერსიტეტის, სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის მენეჯერი, სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანის მიერ დაწერილ მოსალოც წერილთან ერთად. დიდ ყურადღებას აქცევენ აქტიურ ბავშვებს, მათთვის მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივობები და საკუთარი თავის განვითარება, რათა სხვა თანატოლებისთვისაც სამაგალითო პიროვნებები იყვნენ ის ახალგაზრდები, რომლებსაც ჩემს მსგავსად აძლევენ შანსს.
მარიამს, ჯერჯერობით, პროფესია არ შეურჩევია, თუმცა, ფიქრობს, სწავლას სოციალური მეცნიერებების მიმართულებით გააგრძელებს.
_ ჯერჯერობით, ჩემს სამომავლო გეგმებში შედის სწავლა და უნივერსიტეტში ჩაბარება, ჩემს სურვილებში შედის კანადაში წასვლაც. რაც შეეხება პროფესიას, ჯერ არ ამირჩევია, თუმცა, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ვაპირებ ჩაბარებას.
მარიამის გეგმაში შედის, ასევე, ოტავას უნივერსიტეტის სტეპენდიანტის სტატუსის ბოლომდე შენარჩუნებაც.
_ ვფიქრობ, რომ ბოლომდე გავაგრძელო ჩემი საქმიანობა და შევინარჩუნო სტატუსი, რაშიც ყველაზე დიდი როლი ჩემმა მშობლებმა ითამაშეს, რომლებიც მუდამ გვერდში მიდგანან და ყველანაირად ხელს უწყობენ ჩემს წინსვლას, მადლობა მათ და მადლობა ჩემს სკოლას, დირექტორსა და თითოეულ მასწავლებელს, მათ გარეშე ამდენს ვერ მივაღწევდი.