ალტერნატიული მუსიკის პოპულარული ფესტივალი _ SunsetFest/Bakhmaro, რომელიც 19 აგვისტოს ტრადიციულად ბახმაროში იმართება, კოვიდ-19 პანდემიის გამო, წელსაც გადაიდო.
_ გაზაფხულზე, უკეთესი სტატისტიკის პირობებში, ფესტივალი დაიგეგმა და მზადებაც დავიწყეთ; მაგრამ, უკვე ივლისის პირველ ნახევარში, ცხადი გახდა, რომ პანდემიის ახალ ფაზაში შევდიოდით და ფესტივალის გამართვა მოქალაქეობრივ, სოციალურ უპასუხისმგებლობად მივიჩნიეთ; ამიტომ, ყველა სამზადისი გადავდეთ.
“ჩაისუნთქე სუფთა ბგერა!“ _ ესაა ჩვენი ფესტივალის დევიზი და იმედია, მომავალი წლის ზაფხულში მაინც, ისევ შევხვდებით ერთმანეთს და უსაფრთხოდ შევძლებთ ბახმაროში სუფთა ბგერის ჩასუნთქვას! _ ამბობს ფესტივლის ერთ-ერთი დამფუძნებელი აკა სიხარულიძე.
_ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ორი წლის მანძილზე გაგრძელდებოდა უმძიმესი ეპიდემიური კოშმარი და ვერ შევძლებდით აუდიტორია, რომელსაც ელექტრონული, ალტერნტიული მუსიკა უყვარს, საყვარელ არტისტებთან შეგვეხვედრებინა ულამაზეს ბახმაროში… ვინც ჩვენს ფესტივალზე ერთხელ მაინც ყოფილა, იცის, რომ საქართველოში არსებულ საუკეთესო ბენდებს, DJ-ებს ვიწვევთ. სხვებთან,ბევრთან შეხვედრის სიამოვნება, იმედია, ისევ წინ გველის, _ ფესტივალის დამფუძნებელი და ერთ-ერთი ორგანიზატორი მამუკა მამალაძე იმედოვნებს, რომ 2022 წელს მაინც იქნება შესაძლებელი მონატრებული ფესტივალის ჩატარება.
ია მამალაძე, SunsetFest/Bakhmaro-ს დამფუძნებელი:
_ სამწუხაროა, რომ ჩვენი მუსიკალური ზეიმი ისევ გადაიდო _ როცა ქვეყანაში, ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი ვირუსით იღუპება, ჩვენ, იმის მიუხედავად, აიკრძალებოდა თუ არა ფესტივალების ჩატარება, არ გვქონდა მორალური უფლება გაგვერისკა და საფრთხე შეგვექმნა დამსწრე საზოგადოებისთვის, არტისტებისთვის, მათი ოჯახებისთვის. ამიტომ, ივლისის მეორე ნახევარში უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, აღარ ჩაგვეტარებინა ფესტივალი. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თანხმობა განაცხადა სხვადასხვა ფორმით მიეღო მონაწილეობა ფესტივალის ორგანიზებაში ან ძალისხმევა დახარჯა მოსამზადებელ, საპროექტო განხილვებში – საქართველოს კულტურის სამინისტროს, გურიის მაჟორიტარ დეპუტატს, ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ჩვენს ტრადიციულ სპონსორებს, არტისტებს, ტექნიკური ლოჯისტიკის წამომადგენლებს, მოხალისეებს… გარდაუვალია, რომ ჩვენთანაც მოვა უკორონო ზაფხული და ასე მონატრებული SunsetFest/Bakhmaro დაგვიბრუნდება!
მანამდე კი, ჩვენ ვცდილობთ, თქვენთან ერთად შევქმნათ SunsetFest/Bakhmar-ს არქივი; ამიტომ, ყველას, ვინც ყოფილა ჩვენს ფესტივალზე და თუნდაც ერთი ფოტო ან ვიდეო გადაუღია, ვთხოვთ, ეს მასალა, ავტორის მითითებით ატვირთოს ფეისბუქგვერდზე: https://www.facebook.com/bakhmarosunset/
[sexy_author_bio]