ეს ფოტო საჩხერის რაიონული საავადმყოფოს ვაქცინაციის განყოფილებასთანაა გადაღებული 11:26 წუთზე. ათობით მოქალაქე ვაქცინაციის ცოცხალ რიგში დგას.
დისტანცია დაცული არ არის და არც ვინმე არეგულირებს მომლოდინეთა ნაკადს. იმის გასარკვევად, თუ რამ გამოიწვია ამხელა ნაკადი, ვაქცინაციის მსურველებს გავესაუბრეთ.
“არ ვიცი, სად და როგორ უნდა დავრეგისტრირდე, არ მინდა აუცრელი დავრჩე და ამიტომ ვდგავარ ცოცხალ რიგში”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” ლელა ხარშილაძე. სხვა პრობლემა ჰქონდა მეორე მომლოდინეს.
“საჩხერეში მინდოდა ვაქცინის გაკეთება, თუმცა, როცა პორტალზე ვრეგისტრირდებოდი ჩემთვის სასურველი ვაქცინა – სინოფარმი ბაზაში არ ჩანდა. ვიფიქრე, რომ არ ჰქონდათ და ამიტომ ჭიათურაში დავრეგისტრირდი. მოგვიანებით ახლობელმა მითხრა, რომ თურმე ჰქონიათ სინოფარმიც, უბრალოდ, ბაზაში არ აჩვენებს და თუ სინოფარმით ვაქცინაცია მინდა, ცოცხალ რიგში დგომა მომიწევს ამდენ ხალხში. რომ ყოფილიყო ბაზაში, კონკრეტულ დროს დავრეგისტრირდებოდი და ამდენ ადამიანს აქ დგომა არ მოუწევდა”, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას 25 წლის ანზორ კაპანაძე.
უფრო ქაოტური ვითარება აღმოჩნდა შენობის შიგნით, რეგისტრაციის რიგში, თუმცა ფოტოს გადაღების საშუალება იქ არ მოგვცეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასაუბროდ “გურია ნიუსი” შეეცადა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირებას, თუმცა, ჩვენი არაერთი მცდელობისა ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხეს.
[sexy_author_bio]