ოზურგეთის ბაზარში, გურიის ქუჩის მხრიდან, იქ , სადაც ცენტრალური შესასვლელია, თუ ფრთხილად და დაკვირვებით არ იმოძრავებთ კარებში შესვლისთანავე, ფეხს ამოტეხილ ასფალტზე, წყლით სავსე ორმოში ჩაკრავთ.
_ დასველებას ვინ დაეძებს, შესაძლოა, ადამიანმა უცაბედად თავ-პირი დაიმტვრიოს. მესამე თვეა, ასე იღვრება სასმელი წყალი. მიედინება თავქვე და ჩვენც სხვადასხვა პროდუქტით სავსე ყუთებს აქეთ-იქით ვაჩოჩებთ, რომ ხილი თუ ბოსტნეული არ გაგვიფუჭდეს. რამდენჯერ მივმართეთ დირექციას, მაგრამ უშედეგოდ. ახლა ვსვამთ კითხვას -ამდენი წყალი რომ ტყუილა მოქალაქემ დაღვაროს, დახარჯოს, ვინმე გადასახადის გარეშე აპატიებს? ეს რას ჰგავს, ასე დასაკარგი წყალი გვაქვს? გარდა ამისა, დავჭყაპუნობთ შიგ,ჩვენც და ამდენი ხალხი, ვინც ბაზარში შემოდის და ვინმეს რომ ფეხი დაუცურდეს, კისერს მოიტეხს. ბავშვი წაიქცა ამას წინათ, პირდაპირ ამოტეხილ, წყლიან ორმოში ჩაკრა ფეხი _ ბრაზობენ აქ დასაქმებული ადამიანები.
„გურია ნიუსი“ შპს „სოფლის ნობათის“ (ბაზრის) დირექციას ეწვია და პრობლემის შესახებ ჰკითხა, თუ რატომ არ მოხერხდა ამდენი ხნის მანძილზე დაზიანებული მილების შეკეთება.
_იცით, რამდენჯერ ვიყავით წყალმომარაგების კომპანიაში? დავიღალეთ იქ სიარულით. გვპირდებოდნენ, მოვალთო და ასე შეასრულეს. ხალხი მართალია, რომ ბრაზობს. ახლახან დირექტორი შეიცვალა. ახალი ხელმძღვანელი ჰყავთ. დასვენების დღეებია და მომდევნო კვირაში აუცილებლად მივმართავთ, რომ გააკეთონ. იმედია, ამჯერად მოგვაქცევენ ყურადღებას, – გვითხრა შპს „სოფლის ნობათის“ დირექტორმა, სოსო სიხარულიძემ.
[sexy_author_bio]