ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნება ბოროტად იყენებს ძალაუფლებას და ქმნის გარემოს, რომელიც მომავალი არჩევნებისთვის პრობლემური იქნება.
ეს კრამერმა მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ თუ ოცნების ლიდერები ასე გააგრძელებენ, აშშ პერსონალურ სანქციებს დააწესებს.
დევიდ კრამერის შეფასებით, არსებობს რისკი იმისა, რომ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები წინა არჩევნების მსგავსად, სადავო გახდეს.
“საქართველო არის განვითარების კრიტიკულ წერტილში. ძალიან მაწუხებს ის, თუ საით მიემართება ქვეყანა ქართული ოცნების მთავრობის მმართველობისა და ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ. ჩვენ ვიხილეთ აშშ-ს საელჩოს უპრეცედენტო განცხადება, რომელშიც საელჩომ დაგმო ძალადობა დმანისსა და რუსთავში, როგორც ჩანს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები. ასევე, ისაუბრა ოპოზიციის მიმართ ზეწოლის და დაშინების შესახებ მრავალ ცნობაზე. ჩემთვის ცხადია, რომ ქართული ოცნება ბოროტად იყენებს ძალაუფლებას და ქმნის გარემოს, რომელიც პრობლემატური იქნება ამ არჩევნებზე”, – თქვა კრამერმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები რისკის ქვეშ დგას.
“საქართველო დგას რისკის წინაშე, სერიოზულად დაზიანდეს ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები. იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნების წევრებს და ივანიშვილს ეს ადარდებთ, თუმცა გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვარ ამაში დარწმუნებული.
მინდა გავაფრთხილო ისინი, ვინც ფიქრობს, რომ შეერთებული შტატები სანქციებს არ დაუწესებს, ფრთხილად იყავით, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ თუ ახლანდელი ლიდერები გააგრძელებენ ამ გზაზე სიარულს, ჩვენ იძულებული გავხდებით გავზავნოთ ძლიერი სიგნალი და დავაწესოთ პერსონალური სანქციები”, – ამბობს კრამერი.
წყარო: ფორმულა