სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მეორე შუალედურ ანგარიშში 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით დაფიქსირებული დარღვევები მოხვდა. ანგარიშში სულ დაფიქსირებულია:
ფიზიკური ძალადობის 2 ფაქტი;
სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების — 4;
სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის — 20;
ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების — 3;
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის — 5;
მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის — 1;
არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის — 12;
საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების — 5 შემთხვევა.
ანგარიში მოიცავს, აგრეთვე, ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომლის განვითარება 31 აგვისტომდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.
ISFED-ი აღნიშნავს, რომ 13 სექტემბერს ,სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებამ წინასაარჩევნო კამპანიის დინამიკა მნიშვნელოვნად შეარყია.
“საგანგაშო იყო 2021 წლის 11 სექტემბერს გასული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სკოლის დირექტორების და მასწავლებლების შესახებ გროვდებოდა ინფორმაცია და იქმნებოდა ე.წ დოსიეები. საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პირების პოლიტიკური შეხედულებები და მათი ოჯახის წევრების პარტიული საქმიანობა, რიგ შემთხვევაში, იქცა მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად”, — ნათქვამია აგარიშში.
სამართლიანი არჩევნები, ასევე, საუბრობს 17 სექტემბერს გამოჩენილ ე.წ სისხლიან ბილბორდებზე. მათი თქმით, ცესკოსა და აუდიტის სამსახურს მათი კომპეტენციების ფარგლებში შესწავლისა და რეაგირების მოთხოვნით მიმართა.
ISFED-მა ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზნით, საარჩევნო კომისიების, სასამართლოსა და სხვა რელევანტური უწყებების წინაშე 27 განცხადება-საჩივარი წარადგინა.