დღეს ოზურგეთის სკოლებში სასწავლო პროცესი ცოცხალ რეჟიმში განახლდა, რამაც დიდი სიხარული მოუტანა ბავშვებს, პედაგოგებს, სკოლებში მომუშავე პერსონალს, მშობლებს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დღეს, განსაკუთრებული სიურპრიზი დახვდათ მაღალმთიანი მთისპირის სკოლის მოსწავლეებს _ მცირე ჰიდროელექტროსადგურის ბახვი 1 ჰესის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ (CCEH ჰაიდრო VI) სოციალური პროექტის ფარგლებში, შეიძინა და მთისპირის სკოლას გადასცა 5 პერსონალური კომპიუტერი სრული კომპლექტაციით. ამავე პროექტის დახმარებით, სკოლა აღიჭურვა 4 ვიდეო მონიტორინგის კამერით, რომელიც განთავსებულია სკოლის შესასვლელში, კომპიუტერულ ლაბორატორიაში და 2 კამერა _ შენობის გარე პერიმეტრზე. პროექტის ESG გუნდმა გაითვალისწინა სკოლის დირექტორის თხოვნა და 5-არხიანის ნაცვლად, შეიძინა 20 არხიანი სისტემა, რაც სურვილის შემთხვევაში, დამატებით, 16 კამერის დამონტაჟების საშუალებას იძლევა.
ბახვი 1-ის პროექტი, ასევე, დაეხმარა სკოლას ბიბლიოთეკის განახლებაში და შეიძინა სკოლისთვის, როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე ქართულ და ინგლისურენოვანი კლასგარეშე ლიტერატურა. მაღალმთიანი მთისპირის სკოლაში 18 პედაგოგი ასწავლის და100-მდე მოსწავლე სწავლობს. სკოლა მთისპირის თემის ოთხივე სოფელს _ მთისპირს, ოქროსქედს, უკანავას და ვანისქედს ემსახურება.
ნანა ჭეიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, “გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს:
“ძალიან მნიშვნელოვანია ბახვი 1 ჰესის პროეტის მიერ გახორციელებული დახმარება ჩვენთვის. ბიბლიოთეკაში მოძველებული წიგნები გვქონდა. დღეს კი ბევრი ახალი წიგნით ვხვდებით მოსწავლეებს. მოგეხსენებათ თანამედროვე ლიტერატურის როლი მოზარდის განვითარების პროცესში, რა მნიშვნელოვანია. აქ არის როგორც სამეცნიერო, ასევე კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურა. კომპიუტერული ლაბორატორიის განახლება კი, უდაოდ ყველას გაახარებს სკოლაში. მაშინ, როცა ასე შემოიჭრა ინტერნეტი ჩვენს ყოველდღიურობაში, მოზარდებს უნდა მიუწვდებოდეთ ხელი. ბევრ ბავშვს სახლში არ აქვს კომპიუტერი, ამ ლბორატორიაში კი თავისუფლად შეძლებს მოიძიოს საჭირო მასალა, შეასრულოს დავალება. ასე, რომ ღიაა ლაბორატორიის კარები, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე, მასწავლებლებისთვისაც. ჩვენ კი, მხოლოდ კარგი სწავლით შეგვიძლია ვუპასუხოთ ამ საჩუქარს“.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი მთისპირის ადმინისტრაციულ ერთეულში მაია ჩავლეშვილი გვიყვება, როგორ შეირჩა სოციალური პროექტი ამ სოფლისთვის:
“ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გუნდის წევრებთან ერთად, არაერთი შეხვედრა გავმართეთ მთისპირის თემის ოთხივე სოფელში. გამოიკვეთა ბევრი პრობლემური საკითხი, თუმცა, ამავდროულად სკოლის და ბაღის დირექტორების მიერ, წამოიჭრა გადაუდებელი აუცილებლობის თემები, რომელთა გადაწყვეტას ბახვი 1 ჰესის გუნდი დაგვპირდა და სასწავლო წლის დაწყებამდე შეასრულა კიდეც“.
ამავე სოციალური პროექტის ფარგლებში კომპანიამ მთისპირის საბავშვო ბაღს გადასცა ფართოეკრანიანი სმარტ ტელევიზორი, WIFI როუტერი და უზრუნველყო საბავშვო ბაღში ინტერნეტის ინსტალაცია. ინსტალაციის და 1 წლის ინტერნეტის სააბონენტოს გადახდა, მოხდება კომპანიის-ის მიერ. ასევე, პროექტის გუნდმა საბავშვო ბაღისთვის შეიძინა, ჭიქები, თეფშები და ოთახის სათამაშოები _ თოჯინები, მანქანები, ბურთები, კუბიკები, კონსტრუქტორები, სახატავი დაფები და ა.შ.
ცხადია, დღეს ჩვენ მთისპირის საბავშვო ბაღიც მოვინახულეთ და ვნახეთ, როგორ ელოდებოდნენ ფართო ეკრანის წინ ჩამომსხდარი პატარები მულტფილმების ნახვას YouTube-ის არხიდან.
“გურია ნიუსმა“ დღევანდელ დღესასწაულში მოკრძალებული წვლილი შეიტანა და მთისპირელ პატარებს ამ არხის ტექნიკურ ჩართვაში დაეხმარა.
მთისპირში გახორციელებული სოციალური პროექტის შესახებ კომპანია CCEH HYDRO VI-ის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერს დავით მიქელაძეს ვთხოვეთ კომენტარი:
„პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გუნდი მოსახლეობასთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან შეხვედრების აქტიურ ეტაპზე იმყოფება. შეხვედრების ფარგლებში, ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ საჭიროებები, რათა შემდგომში, სწორად დავგეგმოთ ის სოციალური პროექტები, რომელსაც კომპანია განახორციელებს ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის დამტკიცების შემდგომ ეტაპზე, საპროექტო ტერიტორიასთან შემხებლობაში არსებულ სოფლებში. შეხვედრების ფარგლებში საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვეცნობით და უკვე გვაქვს გარკვეული ხედვა, თუ რა სახის სოციალურ პროექტებს შევთავაზებთ ადგილობრივებს. ჩვენი მიზანია, სოციალური პროექტების პაკეტის განსაზღვრისას, აქტიური როლი ჰქონდეს სწორედ მოსახლეობას და ადგილობრივების ჩართულობის ხარისხი იყოს მაღალი.
ინფორმაციის გაცნობის ეტაპზე, უკვე გამოიკვეთა ისეთი საჭიროებებიც, რომლებიც სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას, ჩამოგვიყალიბდა კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობა მთისპირის მოსახლეობასთან და მათ მიერვე გაჟღერებული საჭიროებების შესწავლის შედეგად, გაგვიჩნდა სურვილი, უკვე დღეიდან მოვაგვაროთ მოზარდების პრობლემები, რაც საგანმანათლებლო სივრცის კეთილმოწყობასა და სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში გამოიხატება. ამ მიმართულებით განხორციელებული დახმარება, პირდაპირ პასუხობს ჩვენი კომპანიის გრძელვადიან და მდგრადი განვითარების მიზნებს, რადგანაც, მიგვაჩნია, რომ სწორედ ხარისხიანი განათლებაა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა“.
როგორც მთისპირის სკოლა, საბავშვო ბაღიც ამ სოფლის ოთხივე თემს -მთისპირს, ოქროსქედს, ვანისქედს, უკანავას ემსახურება. ბაღში 21 პატარა დადის და მათთვის 9-კაციანი სტაფი მუშაობს.
ამ სიურპრიზების ფონზე, მთისპირის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლდა, აღსაზრდელები დილიდანვე მივიდნენ და როგორც გვითხრეს, ყველაზე კარგი გამოცხადება ოზურგეთის საბავშვო ბაღებს შორის, სწორედ ამ სოფელში იყო.
[sexy_author_bio]