ბათუმში, 8 ოქტომბერის ტრაგედიის დროს ერთ-ერთი გარდაცვლილის, ჯემალ ბაუჯაძის შვილი, ნინო ბაუჟაძე Facebook-ზე მომხდართან დაკავშირებით ემოციურ პოსტს ავრცელებს:
,,მა, მართლა არ ვიცი, რა გითხრა, ახლაც სიზმარში მგონია თავი. ვიცი, რომ კითხულობ ამას და ისევ ჩემთან ხარ. სული და გული მეწვის ამ ამბით, უბრალოდ ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. 1 კვირის წინ, თბილისში რომ გამაცილე, მითხარი ოქტომბერში აუცილებლად ჩამოდი დედიკოს დაბადების დღისთვისო, დიდი ხანი ვერ მოვითმენ უშენოდო. მე შევასრულე პირობა, ჩამოვედი ოქტომბერში, მაგრამ შენ არ დამხვდი. მტკივა უშენობა, კანში ვერ ვეტევი ისე ცუდად ვარ, გული მეგლიჯება. გუშინ გავიგე თუ არა ეს ამბავი მაშინვე დაგირეკე. გირეკავდი, მაგრამ დაკავება გქონდა, ალბათ დახმარებისთვის რეკავდი. ბოლო ფოტოზე ჩემი წერილია, რომელშიც ჯერ კიდევ იმედი მქონდა, რომ არ იყავი იმ ჯოჯოხეთში.
მთელი ღამე ვუყურებდი ლაივს და დარწმუნებულო ვიყავი, რომ სადღაც იმალებოდი და მაინც ცოცხალი დამიბრუნდებოდი.
არ ვიცი, უშენოდ რა უნდა ვქნა, როგორ უნდა მოვიქცე, როგორ უნდა გავაგრძელო ყოველდღიური ცხოვრება… ისევ და ისევ შენი ხათრით შევეცდები, რომ ფეხზე დავდგე და ვიცი ამაში დამეხმარები!!!
მთელს მსოფლიოში საუკეთესო მამიკო იყავი, ხარ და იქნები! დღეს არის პირველი ღამე, როდესაც შეთან ლაპარაკის გარეშე დავიძინებ! მიყვარხარ სამუდამოდ, მა.
მტკივა 9 ოქტომბრის ჯოჯოხეთური ღამე“, _ წერს ნინო ბაუჯაძე.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულები არიან აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა.