ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის პროგნოზით, აუცრელობის შემთხვევაში საქართველოში მომდევნო 1 წლის განმავლობაში ვირუსით, დაახლოებით, 1.5 მლნ ადამიანი დაინფიცირდება და მათგან საშუალოდ, 15 000 პირი გარდაიცვლება.
„საქმიან დილასთან“ ინტერვიუში კულუმბეგოვმა ვაქცინის ეფექტიანობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ აცრას ამ მაჩვენებლების 11-ჯერ შემცირება შეუძლია.
„კლასიფიკაციის საერთაშორისო სტანდარტის გამოყენებით, რომელიც მთლიანი მოსახლეობის პროცენტს ითვლის, წლის ბოლომდე საქართველოს აქვს შანსი, მთელი მოსახლეობის მხოლოდ 30% ჰყავდეს აცრილი ანუ მესამედი, რაც რასაკვირველია, ძალიან მცირეა. ერთია, რა გვიწერია ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში და მეორეა, რა გვჭირდება „დელტა“ ვირუსის არსებობის პირობებში. რეალურად, იმუნური ფენის ზღურბლი არის 75-80%. სამწუხაროდ, ეს არ გამოდის და ძალიან ცუდია, რომ ამ პერსპექტივას უახლოეს პერიოდში ვერ ვხედავთ. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ ავიცრები თუ არ ავიცრები, ეს ვირუსი მაინც მოგვძებნის; მას აქვს პოტენციური ძალა, ყველა არაიმუნური ადამიანი იპოვოს და ეს ზღურბლი, 75- 80%-იანი აუცილებლად ბუნებრივად მიიღწევა, მაგრამ ამ ბუნებრივ მიღწევას, პირველ რიგში, დასჭირდება 1 წელი და მეორე რიგში, დამატებით დაინფიცირდება 1.5 მლნ ადამიანი, რომლის 1%, საშუალოდ, 15 ათასი ადამიანი, სამწუხაროდ, დაგვეღუპება.
ვაქცინაციით ჩვენ შეგვიძლია იმუნური ფენის შექმნა დავაჩქაროთ და 3-4 თვეში ავცრათ ეს ადამიანები; დადგენილია, რომ აცრა 11-ჯერ ამცირებს სიკვდილიანობას ანუ 15 ათასი ადამიანიდან 11-ჯერ ნაკლები დაგვეღუპება, შესაბამისად, უდიდეს ნაწილს ჩვენი თანამოქალაქეებისას, რომლებიც განწირულები არიან კოვიდით სიკვდილისგან, ვაჩუქებთ სიცოცხლეს; ამაზე მეტი სიკეთე არ მესმის რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მოქალაქემ. გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ამ გადასახედიდან უნდა შევხედოთ ამ საკითხს”, – აცხადებს კულუმბეგოვი.
რაც შეეხება სავალდებულო ვაქცინაციას, ალერგოლოგ-იმუნოლოგის აზრით, ერთადერთი ჯგუფი, სადაც აცრა შეიძლება სავალდებულო იყოს, სამედიცინო პერსონალია. „არ შეიძლება, პაციენტთან აუცრელი სამედიცინო პერსონალი ურთიერთობდეს ან თვითონ არ იყოს მორალური მაგალითი საზოგადოებისთვის“, _ დასძინა მან.
ამასთან, ბიძინა კულუმბეგოვს მიაჩნია, რომ მოზრდილი მოსახლეობის 37-40%, ვინც მზად იყო აცრისთვის, უკვე აცრილია და ახლა მთავარია, სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვა. ამავე თემაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ვაქცინაციის წასახალისებლად ლატარია „ამოსავალი წერტილი“ არაა და ფსონს ე.წ. „მწვანე პასპორტების“ ამოქმედებაზე დებს.
„სავალდებულო ვაქცინაციაზე საუბარში დრო არ უნდა დავკარგოთ. მოქალაქეებს სხვადასხვა ვარიანტი უნდა შევთავაზოთ, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დახურულ სივრცეში შესვლას შეძლებენ – იქნება ეს სამსახური, ფიტნესცენტრი თუ სავაჭრო მოლი ან ტრანსპორტი. ყველგან ერთიანი პრინციპი უნდა მოქმედებდეს. ეს მოგვცემს ვაქცინაციის დამატებით 30-40%-იან წახალისებას, რომ ადამიანებმა გადადგან ნაბიჯი და აიცრან; მეორე მხრივ, საშუალება გვექნება ეს ჯოჯოხეთური რიცხვები 5-6ჯერ შევამციროთ“, _ განმარტა ბიძინა კულუმბეგოვმა.
საქართველოში ბოლო 24 საათში 3 951 ადამიანი აიცრა. ქვეყანაში სრულად აცრილია 933 322 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 32.7%-ია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 031 231 ადამიანი ანუ მოზრდილი მოსახლეობის 36.3%.
წყარო: bm.ge