საბავშვო ბაღი_ ახალი ცხოვრების პირველი ეტაპი. ბაღი, რომელიც ასოცირდება სათამაშოებთან, სიმღერებთან, ლექსებთან და ყველა ბაღგამოვლილი ბავშვისთვის ცნობილ წვნიანთან. ამავდროულად, საბავშვო ბაღში მისვლის პირველ დღეებს და ცხოვრების ამ ახალ ეტაპს ბევრი ცრემლი და სტრესი მოყვება, როგორც ბავშვისთვის, ასევე, მშობლისთვისაც.
სალომე ივნისში გახდა 3 წლის. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ რეგისტრაცია უნდა გაევლო საბავშვო ბაღში და სექტემბრიდან ცხოვრების ახალი ეტაპის დრო დადგა. პირველმა დღემ ნორმალურად ჩაიარა, როგორც სალომეს დედა გვიყვება, ბავშვმა მეორე დღეს ბაღში წასვლის სურვილით გაიღვიძა. თუმცა, სალომემ პირველი დღის მსგავსად, არც მეორე დღეს მიიღო საკვები და ბაღის საპირფარეშოთიც არ უსარგებლია. მშობლებს ეგონათ, ადაპტაციის პერიოდი მალევე ჩაივლიდა და სალომე მოერგებოდა ბაღის რუტინას. მაგრამ ერთი თვის შემდეგაც ისინი იმავე პრობლემის წინაშე დგანან _ ბავშვი ბაღში ყოფნის პერიოდში არც საკვებს იღებს და საპირფარეშოთი სარგებლობს. მსგავსი პრობლემები ბევრ ბავშვს აღმოაჩნდა ბაღის პირველ დღეებში. თუ როგორ უნდა ავარიდოთ ბავშვს ზედმეტი ემოციები და დავეხმაროთ მარტივად შეეჩვიოს ახალ გარემოს, ამ თემაზე “გურია ნიუსი” ბავშვთა ფსიქოლოგს, ნინო ზამბახიძეს ესაუბრა.
_ როგორია საბავშვო ბაღის პირველი დღეები?
_ ბაღის დღები იწყება მშობლებთან შეხვედრით. ამის მიზანია მშობლებს გავაცნოთ შინაგანაწესი. როგორ მუშაობს ბაღი, რა პრინციპებით. გაეცნონ ბაღის თანამშრომლებს, რომლებთანაც იქნებიან დღის განმავლობაში მათი შვილები. დავათვალიერებინოთ გარემო და სხვადასხვა დარბაზი და ასევე პარალელურ რეჟიმში მშობლებისგან ვიღებთ ინფორმაციას, რა უყვართ მათ შვილებს, როგორ ერთობიან მთელი დღის განმავლობაში და, ძირითადად, რით არიან დაკავებულები. მსგავსი ინფორმაციის გაცვლა საჭიროა ორივე მხარიდან, სანამ მივიღებთ აღსაზრდელს. ამის შემდეგ მშობლებს ვთხოვთ. მოვიდნენ შვილებთან ერთად და დაათვალიერონ ბაღის გარემო. ასევე. მშობლისგან ვიღებთ ინფორმაციას მათი შვილი რაიმე სხვა დამატებით საჭიროებას ხომ არ მოითხოვს, რომ ჩვენ სწორად დავგეგმოთ აღსაზრდელთან მუშაობა. შემდეგ მოდიან ბავშვები
ადაპტაციის პერიოდი პანდემიამდე სხვანაირად მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა შეიცვალა ჩვენი დღის რუტინა. ადრე თუ შეგვეძლო ბავშვები მშობლებთან ერთად მიგვეღო და ბაღის პირველი დღეები ერთად გაეტარებინათ. ახლა ეს იკრძალება ჯანდაცვის რეკომენდაციებიდან გამომდინარე.
_ როგორ ეხმარებით ბავშვებს, რომლებსაც უჭირთ ბაღთან შეგუება?
_ როგორც ბაღის ფსიქოლოგი, ყოველდღიურად მე ვკურირებ ადაპტაციის პერიოდს. ძირითადად, პირველი ორი კვირა ვარ ბაგაში. ვაკვირდები, ვის რა საჭიროებები აქვს და რასთან უჭირს შეჩვევა. პირველი ორი კვირა არის ყველაზე რთული. თუ ბავშვი პირველ დღეებში არ იკვებება, ეს არის ძალიან ბუნებრივი და ამიტომაც ვუშვებთ სახლში 12 საათისთვის. რაც შეეხება მაღალ ჯგუფებს, იქ ჩვენ ეს პრობლემა არ გვაქვს. თუ ბავშვი არ იკვებება, იგეგმება მშობელთან შეხვედრა და ხდება გამოკითხვა რაიმე განსაკუთრებული ჭამის ჩვევები ხომ არ აქვს ბავშვს, რაც ბაღის კვებისგან რადიკალურად განსხვავებულია. ბაღის მენიუ წინასწარ გაწერიალია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან და გათვლილია კალორაჟობით, რაც ასე მარტივად ვერ შეიცვლება. ამ შემთხვევაში, ხდება მშობელთან თანამშრომლობა, რომ შეგვიძლია, შემოვატანინოთ საკვები, რომელიც იქნება წინასწარ შემოწმებული. თუმცა, ნელ–ნელა ეჩვევა ბავშვი ბაღის საკვებს. მშობელს, დღის რაციონს, თუ რა მიირთვა ბავშვმა, ვაწვდით დღის ბოლო. ბაგის აღსაზრდელმა ჩვენთან შეიძლება საერთოდ არ ჭამოს ორი კვირის განმავლობაში და ეს არ არის საგანგაშო. კონსულტაციის დროს მშობელი ამბობს, რომ ტელევიზორთან აჭმევს, ტელევიზორზე არის დამოკიდებული ჭამის დროს. ამ შემთხვევაში, სანამ გაივლის ბავშვი ადაპტაციას, სჭირდება გარკვეული პერიოდი. კიდევ არსებობს შემთხვევები, რომ ბაგაში ბავშვები, ძირითადად, დაბლენდერებულ საკვებს მიირთვევენ, მოზარდთა ჯგუფში საკვებთან შეგუებაც უწევთ და ასე ვეხმარებით ნელ–ნელა და ეტაპობრივად.
_ რას ნიშნავს ბავშვისთვის ბაღთან ადაპტაცია?
ადაპტაცია, ზოგადად, გულისხმობს ახალ გარემოსთან შეგუებას. ბავშვი სწორედ ამ ახალ გარემოს აპროტესტებს. გარემოს, რომელშიც არ არის მშობელი, იცვლება ბავშვის დღის რუტინა, რომელშიც ცხოვრობდა. ბუნებრივია, ბავშვი ამ ყველაფერს გააპროტესტებს, რაც ბუნებრივია და ეს არ საჭიროებს ზედმეტ ჩარევას. ბავშვი უნდა აცნობიერებდეს, რომ ახალ გარემოში გადავიდა. ამ გარემოში ბავშვი რომ ჩვეულებრივად შევიდეს, ეს უფრო იქნება არაბუნებრივი. ეს უფრო დამაფიქრებელია ჩემთვის. მქონია ასეთი შემთხვევა, როდესაც ბავშვმა ვერ იგრძნო მშობლის გაცილება, ვერც ახალ გარემოში შესვლა, არც მასწავლებელს მიაქცია ყურადღება. ასეთი შემთხვევებიც არის, მაგრამ ძალიან იშვიათად.
_ როდესაც ბავშვს ადაპტაციის პრობლემები აქვს, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
_ როდესაც შეამჩნევს, რომ ბავშვს აქვს შეგუების პრობლემა, პირველივე დღიდან აუცილებლად უნდა მიმართოს ფსიქოლოგს. ფსიქოლოგი დაკვირვების საფუძველზე უნდა მიხვდეს, თუ რა სტრატეგია შიძლება შეიმუშავოს ამა თუ იმ ბავშვთან. რაღაც განსაკუთრებული აუცილებლად ექნება ბავშვს, რითაც შეიძლება მიაჩვიო ახალ გარემოს. განსაკუთრებულში ვგულისხმობ საყვარელ თამაშს, ინტერესებს. მთავარია, მჭიდრო კონტაქტი ჰქონდეს ფსიქოლოგთან, რომ დააკვირდეს, რა დროს იწყებს ტირილს, რა აღიზიანებს ყველაზე მეტად ან როდისაა ყველაზე მშვიდ მდგომარეობაში. თუმცა, მშობლები ფსიქოლოგთან კონტაქტს ხშირად ერიდებიან, რაც თვითონ მშობლის პრობლემაა.
[sexy_author_bio]