ლანჩხუთში, ის ფერმერები, რომლებსაც პირუტყვი მგელმა დაუგლიჯა, დახმარებას ითხოვენ _ მათი თქმით, ამ მხრივ საკმაოდ რთული ვითარებაა როგორც სოფლებში, ისე ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზეც.
“ძალიან მძიმე ვითარებაა, მარტო ბოლო ერთ თვეში ათამდე ოჯახს დაუგლიჯა მგელმა ძროხა. ზოგისთვის ის ერთადერთი მარჩენალი იყო, მაგრამ, თუნდაც ბევრი გყავდეს, დღეს, როცა ასეთი გაჭირვებული ყოფაა, ძროხას მგელი რომ შეგიჭამს, მართლაც საცოდაობაა. თან რა გარანტიაა, რომ ხვალ და ზეგ იგივე არ განმეორდება. საძოვრებზეა შემოსეული მგლები და არავინ პატრონი არაა. ჩვენ რა უნდა ვქნათ შიშველი ხელებით, ან რომ მოვკლათ, აქეთ დაგვიჭერენ, მგელი რატომ მოკალიო.
რამე გამოსავალია მოსაძებნი _ საქონელი საბალახოზე თუ ვერ გავუშვით, რით უნდა გამოვკვებოთ?! რამე უნდა იღონოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებამ, თორემ ისედაც დამშეულია ხალხი”, _ ამბობენ მგლების შემოსევით შეწუხებული ფერმერები.
საქონელზე მგლის თავდასხმის შემთხვევებს ბოლო წლებში უფრო მეტად სოფლის მცხოვრებლები უჩიოდნენ. მათივე ინფორმაციით, შემთხვევებს ადგილი ტყესთან ახლო მდებარე საძოვრებზე აქვს, დასახლებული პუნქტების სიახლოვეს კი მტაცებელი არ შეუნიშნავთ. თუმცა, მტაცებლებისგან დაზარალებული ქალაქის მოსახლეობის მტკიცებით, მგლები საკარმიდამო ნაკვეთების სიახლოვეს დაესხნენ საქონელს თავს.
საკითხი, მგლების მიერ პირუტყვის დაგლეჯის გახშირებული ფაქტების შესახებ, რამდენიმე თვის წინ ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე ლანჩხუთელმა ფერმერმა იური ჩხაიძემაც გააჟღერა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სთხოვა, პრობლემის თაობაზე ინფორმაცია პრემიერ-მინისტრისთვისაც მიეწოდებინათ. მაშინ პრობლემის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულომ ერთობლივი წერილით, პრემიერს არა, მაგრამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნამდვილად მიმართა.
“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყოველდღიური ხასიათი მიიღო მგლების მიერ მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის თავდასხმისა და განადგურების ფაქტებმა. მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივი მოქმედების მიუხედავად, აღნიშნული პრობლემის დარეგულირება ვერ მოხერხდა, ვინაიდან სამინისტროსგან მიღებული ნებართვისა და მუნიციპალიტეტის მიერ გახორციელებული ქმედებების შედეგად ვერანაირად ვერ ხერხდება მგლის რაოდენობის შემცირება. მუნიციპალიტეტში არსებული ფერმერული მეურნეობის მეპატრონეები ფაქტებით ადასტურებენ მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ათეულობით განადგურების ფაქტს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლების კოლოსალური რაოდენობას, რაც გაუსაძლის ხდის ფერმერული მეურნეობის არსებობას. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აღშფოთებას გამოხატავს მოსახლეობა, მათი განცხადებით, აღნიშნული მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში იძულებული გახდებიან მიატოვონ სამეურნეო საქმიანობა, რაც მათი ოჯახების შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
ზემოთ ხსენებული პრობლემური საკითხის დარეგულირების მიზნით გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურებს, შეისწავლონ შექმნილი ურთულესი მდგომარეობა, დაადგინონ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მტაცებელი ცხოველების რაოდენობა და კვოტირება.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო გამოთქვამს მზადყოფნას შესაძლებლობის ფარგლებში განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება”, _ ეწერა საკრებულოს წევრების მიერ შემუშავებულ ერთობლივ წერილში, რომლის ადრესატიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყო.
იმ ფონზე, როცა პრობლემა ისევ აქტუალურია და ფერმერები ხელისუფლებას მტაცებლებისგან თავდაცვის რაღაც მექანიზმის შემუშავებას ისევ სთხოვენ, “გურია ნიუსი” დაინტერესდა, რა რეაგირება მოჰყვა სამინისტროს მხრიდან ლანჩხუთიდან გაგზავნილ წერილს. ამის გასარკვევად საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩახვაძეს დავუკავშირდით, რომლის თქმითაც, სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიღებული პასუხის შინაარსი ასეთია:
“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს სამინისტროსგან ნებართვა აქვს ხუთი მგლის ამოღებაზე, ჰოდა, ჯერ ეს ხუთი მგელი ამოიღეთ და მერე მოგვწერეთ დამატებითო”.
[sexy_author_bio]