ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში მორიგი ცვლილების შეტანის თაობაზე საკრებულოს კომისიებსა თუ ფრაქციებში განხილვები მიმდინარეობს.
წარმომადგენლობითო ორგანოს რიგგარეშე სხდომის შემდეგ, სადაც ზემონახსენები საკითხის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამაც განიხილა დადგენილება ცვლილების შესახებ.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის როლანდ ლაშხიას მხიდან გაკეთებული განმარტების შემდეგ კომისიის შემადგენლობამ მხარი დაუჭირა კიდეც ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებას.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებებით, ბიუჯეტის შესრულების ანალიზიდან გამოიკვეთა, რომ არსებული მდგომარეობით სარეზერვო ფონდი სრულად არის ათვისებული, ხოლო წლის დარჩენილ პერიოდისათვის მოსალოდნელია გარკვეული წინასწარ დაუგეგმავი საბიუჯეტო ხარჯების დაფინანსება.
აღნიშნულიდან გამომდინარე კი საფინანსო სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით გაიზარდოს სარეზერვო ფონდი 15000 ლარით.
საფინანსო სამსახურისვე განმარტებით, შპს საფეხბურთო კლუბ “ლანჩხუთის გურიას“ დაფინანსება, წინა პერიოდის დავალიანების დაფარვის გამო, 50000 ლარით უნდა გაიზარდოს.
როგორც საფინანსო სამსახურის უფროსის განმარტებებიდან გაირკვა, აღნიშნული ხარჯების დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება ჯარიმების, სანქციების და საურავების გეგმის 65000 ლარით ზრდის ხარჯზე.
ცნობისთვის, ბიუჯეტში ცვლილებას რამდენიმე დღის წინაც დაუჭირა მხარი საკრებულომ და მაშინ ჯარიმების, სანქციებისა და საურავების გეგმის 210 ათასი ლარით ზრდა დააფიქსირა.
[sexy_author_bio]