“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, ხატია დეკანოიძე ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანის სიცოცხლესთან უგუნური და არაადამიანური მოპყრობა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
როგორც დეკანოიძე ამბობს, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემთხვევაში, სამოქალაქო კლინიკასთან არანაირი პროტესტი არ იქნება:
“ჩვენ მხოლოდ ის ბერკეტი გაგვაჩნია, რაზეც არაერთხელ განვაცხადეთ – რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემთხვევაში, სამოქალაქო სამედიცინო ცენტრთან არანაირი პროტესტი არ იქნება.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ ადამიანის სიცოცხლესთან ასეთი უგუნური და არაადამიანური მოპყრობა მათი პასუხისმგებლობაა. გუშინ მიხეილ სააკაშვილმა დამიდასტურა, რომ სხვადასხვა საკნის ფანჯრიდან მის მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილები დღეში რამდენჯერმე ისმის. როგორც მან აღნიშნა, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, მზად არის, სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციები შეასრულოს.
სააკაშვილის და ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია და ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ექიმების მიერ შემოწმდეს ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის, გორის ჰოსპიტალი. რაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას მოემსახურება, მზად ვარ, ნებისმიერი ვერსია იყოს განხილვის საგანი.
ჩვენი მხრიდან შეთავაზებულია ფორმატი, სადაც შევლენ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, პირადი ექიმი, ექიმები, ადვოკატები და პარტიის წარმომადგენლები, ვინც ხელისუფლებასთან განიხილავს ლოკაციასთან დაკავშირებით გზებს.” – თქვა დეკანოიძემ.