“დროა ორივე მხარემ დათმოს, დავიღალეთ ხალხი, დავწყდით” – მსახიობი, ნანული სარაჯიშვილი ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას ეხმიანება.
_ ეს დაპირისპირება, დაძაბულობა აღარავის გვინდა, არავისთვის კარგი არ მოაქვს და მითუმეტეს როცა ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს, ამდენი ადამიანი დავკარგეთ, რა დროს ერთმანეთის მტრობაა?!… ჩემთანაც ოჯახში, კოვიდი აქვთ, იზოლაციაში ვართ ყველა და საშინლად მოქმედებს ეს ყველაფერი… ერთხელ უკვე ვნახეთ ქართველებმა, ერთმანეთთან დაპირისპირებამ რაც მოგვიტანა.
ოთხმოცდაათიანების ომი და უბედურება დღემდე ვერ მოიხადა ქვეყანამ და ჭკუა ვერ გვასწავლა. არ ვიცი რა ვთქვა, არ ვარ პოლიტიკური ექსპერტი, მაგრამ რაღაცნაირად უნდა მოგვარდეს ყველაფერი!
ადამიანი ითხოვს საავადმყოფოში გადაყვანას და არ ვიცი რა უნდა გაკეთდეს. ქვეყნისთვის რაც აჯობებს ის ნაბიჯი უნდა გადაიდგას და ქვეყანას სიმშვიდე,
ნორმალური ყოფა სჭირდება! ამისთვის ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს, ეს აუტანელი ყოველდღოურობა რომ განიმუხტოს! მე პოლიტიკაში არაფერი ვიცი, უბრალოდ იმას ვხედავ, რომ ირგვლივ ძალიან ცუდი სიტუაციაა, ამდენი გაჭირვებულია და ეს დაჩაგრული ხალხი აღარავის ახსოვს, დავიღალეთ! ცალკე პანდემია, ყველას თავის თავი გასჭირვებია და ზედ ეს ყველაფერი დამატებული… აუცილებლად უნდა დასხდნენ და მოილაპარაკონ, ქვეყანა რომ დამშვიდდეს!
წყარო: კვირის პალიტრა