ერთადერთი კლინიკაა მე-18 დაწესებულება, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს. თუ რაიმე დასამატებელია კლინიკაში, ექიმებმა თქვან და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახური, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა.
როგორც კალაძე განმარტავს, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს.
„ჩვენ ვნახეთ, როგორ არის აღჭურვილი თავისი ტექნოლოგიებით და ექიმებით არსებული საავადმყოფო, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. ვერ მოვისმინეთ ის, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ პოსტშიმშილობის პერიოდი უპრობლემოდ გაიაროს პატიმარმა. ერთადერთი კლინიკაა მე-18 დაწესებულება, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს. შეგიძლიათ მოიკვლიოთ რამდენ პატიმარს უმკურნალეს და გაართვეს თავი. თუ რაიმე დასამატებელია ამ კლინიკაში, ექიმებმა თქვან და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახური, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს”, – აღნიშნავს კალაძე.
მისივე თქმით, ყველა მოშიმშილე ადამიანმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
„სტრასბურგის სასამართლოსა და ჩვენი ყველას მოწოდებაა, რომ ყველა მოშიმშილე ადამიანმა შეწყვიტოს შიმშილობა ისევ და ისევ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“,- აღნიშნავს კალაძე.