Cnbc-ის ინფორმაციით, ევროპაში პანდემიის გამო გამოცხადებული ჩაკეტვების საწინააღმდეგო პროტესტმა იფეთქა. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს აქციები მოჰყვა ბრიუსელში, ვენაში, რომსა და ამსტერდამში.
ვენაში აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც ავსტრიამ ლოკდაუნი მეოთხედ გამოაცხადა. ხელისუფლებამ მოქალაქეებს სახლიდან მუშაობა სთხოვა და არა აუცილებელი მაღაზიებიც დაკეტა.
ავსტრიის კანცლერის განცხადებით, ლოკდაუნი 20 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 1-ლი თებერვლიდან კი კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, რის შედეგადაც ავსტრია გახდება პირველი ქვეყანა, რომელმაც სავალდებულო ვაქცინაცია დანერგა.
ბელგიაში კოვიდრეგულაციების გასაპროტესტებელი აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბრიუსელში გამართულ მსვლელობაში “პროტესტი თავისუფლებისთვის” მონაწილეობა დაახლოებით 35 000-მა ადამიანმა მიიღო. საპროტესტო აქციები ძალადობისა და დაპატიმრებების მიუხედავად გაგრძელდა როტერდამში. როტერდამის შემდეგ არეულობით ჩაიარა აქციამ ჰოლანდიის რამდენიმე პატარა ქალაქშიც.
კოვიდსაშვი აუცილებელი სულ უფრო მეტ ადგილებში ხდება შესასვლელად, მოსახლეობა კი მთავრობის გეგმას აპროტესტებს. მკაცრი რეგულაციები, როგორც ცნობილია 4 დეკემბრამდე გაგრძელდება.
კოვიდპანდემიის გამო საშვის დაწესებამ პროტესტი გამოიწვია რომშიც. იტალიაში დასაქმებულებმა სამსახურში 15 ოქტომბრიდან ე.წ. მწვანე ბარათები უნდა წარადგინონ. ამისთვის კი ან აცრილები უნდა იყვნენ ან კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი უნდა ჰქონდეთ ან ახალი გადატანილი ვირუსი. სხვა შემთხვევაში სამსახურში ანაზღაურებას შეუჩერებენ ან დააჯარიმებენ. მსგავსი საპროტესტო აქცია გაიმართა ხორვატიიის დედაქალაქშიც.
გერმანიაში კი პოლიტიკოსები სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ მსჯელობენ. ქვეყანაში შვიდდღიანი კორონავირუსული შემთხვევების მაჩვენებელმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მაშინ როდესაც მოსახლეობის მხოლოდ 69% არის სრულად აცრილი. გასულ კვირას მთავრობამ დააწესა ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები არავაქცინირებული ადამიანების მიმართ, მაგრამ დეპუტატებმა მთელი პოლიტიკური სპექტრიდან განაცხადეს, რომ შეიძლება საჭირო გახდეს მკაცრი წესები.