გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი, საჯიდ ჯავიდი კორონავირუსის სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ ახალ, B.1.1.529 ვარიანტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ არსებული ვაქცინები მის მიმართ, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტური იყოს.
„რაც ჩვენ ვიცით, არის მუტაციების მნიშვნელოვანი რაოდენობა, შესაძლოა, „დელტა“ ვარიანტის მუტაციების რაოდენობაზე ორჯერ მეტიც კი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ახალი ვარიანტი შეიძლება უფრო გადამდები იყოს და არსებული ვაქცინები მის მიმართ, შეიძლება, ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს“– აღნიშნა საჯიდ ჯავიდმა.
ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ დღეიდან დროებით კრძალავს ფრენებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ნამიბიიდან, ბოტსვანადან, ზიმბაბვედან, ლესოთოდან და ესვატინიდან. აღნიშნული ქვეყნებიდან დაბრუნებულ ბრიტანელი მგზავრებს კი კარანტინის გავლა მოუწევთ.
Imperial College London-ის ეპიდემიოლოგმა ნილ ფერგიუსონმა განაცხადა, რომ B.1.1.529-ს ე.წ. „სპაიკ ცილაში“ მუტაციების „უპრეცედენტო“ რაოდენობა აქვს, რაც, სამხრეთ აფრიკაში ბოლო დროს დაინფიცირების შემთხვევების სწრაფ ზრდას განაპირობებს.
ცნობისათვის, სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს. არსებული ვითარების შესაფასებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები დღეს სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ.