“როგორი თვითმმართველობის არჩევნებიც ჩაატარეს, ანალოგიური კენჭისყრა ჩაატარეს დღეს საკრებულოს სხდომაზე”, _ ამის შესახებ “გურია ნიუსთან” ” პარტია საქართველოსთვის” წევრმა ჩოხატაურის საკრებულოში, გოგი ბოლქვაძემ განაცხადა.
ბოლქვაძის თქმით, 2021 წლის არჩევნები ყველაზე ცუდი არჩევნები იყო 2012 წლის შემდეგ.
“ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.
“ოცნებამ” მოქალაქეებს წაართვა უფლება და შესაძლებლობა, თავიანთი არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით, განეხილათ და დაემტკიცებინათ თავიანთი მუნიციპალიტეტების 2022 წლის ბიუჯეტი!
როდესაც 2017 წლის ვადაგასულმა საკრებულოებმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის უშუალო დახმარებით, განიხილეს და რიგ შემთხვევებში, უკვე დაამტკიცეს კიდეც. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი მოქალაქეების, ასევე ახლადარჩეული საკრებულოს წევრების. 2021 წლის მუნიციპალური არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი, იყო ყველაზე ცუდი არჩევნები 2012 წლის შემდეგ. ‘
როგორი არჩევნებიც ჩაატარეს თვითმმართველობის, ანალოგიური ჩაატარეს დღეს საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრა. მიუხედავად ამისა, ჩვენმა პარტიამ მოიპოვა მოსახლეობის მხარდაჭერა და წარმოდგენილები ვართ საქართველოს ყველა რეგიონში ადგილობრივ დონეზე და მეტიც, რამდენიმე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიპოვეთ გადამწყვეტი ხმები. როგორც ხედავთ, ბალანსის დასაცავად ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, არ შეგვიწყვეტია ამ ბერკეტების გამოყენება იმ ფონზეც კი, როცა ჩვენს წევრებზე ხორციელდება უპრეცედენტო ზეწოლა, გადაბირება… ამ ბერკეტის გამოყენებას არ ვწყვეტთ ახლაც და არ მივიღებთ მონაწილეობას არავის სცენარში! ჩვენი დღისწესრიგის, მიზანია საქართველოს მოქალაქეების მიერ მონიჭებული უფლებამოსილების განხორციელება, ძალაუფლების დაბალანსების პრინციპის უზრუნველსაყოფად მოქმედება და ის, რომ არ მივცეთ არ ერთ პარტიას ერთპიროვნული მმართველობის შესაძლებლობა”, _ განაცხადა ჩვენთან საუბრისას ბოლქვაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე გახარიას პარტიამ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გოგი ბოლქვაძე წარადგინა, „ქართული ოცნების“ წევრმა ლაშა თოლორდავამ კი მმართველი პარტიის კანდიდატი ირაკლი კუჭავა დაასახელა.
ბოლქვაძემ, რომლის პარტიასაც ჩოხატაურის საკრებულოში 3 წევრი ჰყავს, 4 ხმა მიიღო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
ირაკლი კუჭავამ კი ხმების ზუსტად საჭირო რაოდენობა _ 19 ხმა მიიღო.