ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დიპლომატიურ ბოიკოტს გამოუცხადებს და ჩინეთში მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს არ გაგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, თეთრი სახლის, ეს ნაბიჯი აშშ-ს საშუალებას მისცემს მსოფლიო არენაზე მესიჯი გაგზავნოს ჩინეთში, ამერიკელი სპორტსმენების შეჯიბრებაში შეფერხების გარეშე.
ასევე CNN წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის, ეს გადაწყვეტილება უფრო სიმბოლურია, ვიდრე პრაქტიკული, რადგან ჩინეთში დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეგულაციების გამო, ამერიკელი დიპლომატების ჩასვლის ალბათობა ისედაც დაბალი იყო. საინტერესოა ისიც, რომ გასულ კვირას ჩინურმა სამთავრობო მედიასაშუალება Global Times-მა განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა ამერიკელი პოლიტიკოსების მოწვევას სულაც არ აპირებდა.
ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილების კომენტირებისას, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჟაო ლიჯიანმა განაცხადა, რომ აშშ-მ ოლიმპიადას ბოიკოტი მანამ გამოუცხადა, სანამ მოსაწვევს მიიღებდა, რითაც 1.4 მილიარდი ჩინელი შეურაცხყო.
ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, ოლიმპიური თამაშებისთვის დიპლომატიური ბოიკოტის გამოცხადებას ავსტრალია და კანადაც გეგმავენ.
CNN წერს, რომ ამ ამბების საპასუხოდ, პეკინმა გააფრთხილა აშშ, რომ მიიღებდა “მტკიცე კონტრზომებს” ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, თუ დიპლომატიური ბოიკოტი გაგრძელდება.
„აშშ-მ უნდა შეწყვიტოს სპორტის პოლიტიზირება და ეგრეთ წოდებული „დიპლომატიური ბოიკოტის“ გავრცელება, რათა გავლენა არ მოახდინოს ჩინეთ-აშშ დიალოგსა და თანამშრომლობაზე მნიშვნელოვან სფეროებში“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟაო ლიჯიანმა.
ცნობისთვის, ბოლოს შეერთებულმა შტატებმა ბოიკოტი გამოუცხადა ოლიმპიურ თამაშებს 1980 წელს, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი იყო თანამდებობაზე.
[sexy_author_bio]