საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. მას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოკითხავენ, რომლზეც გამოძიება 2018 წელს დაიწყო.
თემურ ალასანიამ აღნიშნა, რომ ჩანაწერები, რაზეც გამოძიება საუბრობს, ავთენტური არ არის და ეს პროცესი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური პიარის მცდელობაა.
მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში საკუთარ უფლებებს იმ ქვეყანაში დაიცავს, რომლის მოქალაქეც არის.
,,მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ ამერიკის მოქალაქე, გადავწყვიტე, რომ მოვიდე ამ დაკითხვაზე თუ რაც ჰქვია, ალბათ, დეპოზიცია ჰქვია უფრო. პირველი _ უნდა გავიგო რა შეკითხვები აქვთ ჩემთან დაკავშირებით. მეორე _ ვესაუბრე ამერიკის კონსულს, ველაპარაკე მრჩეველს და ჩემს ადვოკატებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება რომ მოვიდე. გავიგო რა პრეტენზიები აქვთ თუ აქვთ საერთოდ, რასთან დაკავშირებით არის გამოძიება, რა საქმეა გახსნილი და ამის მიხედვით გადავწყვეტთ მერე, რა პოზიცია დავიკავოთ. არცერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის. ამათ ექსპერტიზას არ ვენდობი და ამიტომ ამაზე შინაარსობრივად არავითარ განცხადებას არ გავაკეთებ. თუ დაირღვა ჩემი უფლებები, მე მოვითხოვ მათ დაცვს იქ, სადაც ვცხოვრობ, ამერიკაში. ეს არის პოლიტიკური პიარი, ეს არის მოუხეშავი მცდელობა გადაიტანონ ყურადღება ძირითადი კრიზისული სიტუაციიდან, რაც გამოწვეული სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობიდან და მესამე პრეზიდენტის დევნით – განაცხადა ალასანიამ სასამართლოში შესვლამდე.
რაც შეეხება საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზს, თემურ ალასანია ამბობს, რომ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღისთვის და ახალი წლის აღსანიშნად არის ჩამოსული.
“დაბადების დღისთვის ვარ ჩამოსული და ახალი წლისთვის. დედაჩემის სასაფლაოზე არასოდეს ვყოფილვარ, ახლა ახალი წელია. ჩამოვედი რომ ჩემს დას გავუწიო რაღაც დახმარება, გვერდით დავუდგე მორალურად, დაბადების დღე აღვნიშნოთ მიშას ოჯახში”, – თქვა თემურ ალასანიამ.
[sexy_author_bio]