ჩოხატაურში გვიან ღამის მერე გადაუღებლად თოვს. შექმნა თუ არა უამინდობამ პრობლემა, ამის შესახებ “გურია ნიუსი” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, დავით შარაშიძეს ესაუბრა.
როგორც მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, თოვლს რაიმე განსაკუთრებული პრობლემა ამ დროისთვის არ შეუქმნია.
_ მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მობილიზებულია ტექნიკა და ინტენსიურად იწმინდება გზები. ამ დროისთვის რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა არ შეგვქმნია. ამ წუთებში გზა გრეიდერით იწმინდება ბახმაროს მიმართულებით. შედარებით რთული მონაკვეთი ესაა, ჯერჯერობით. ჩხაკაურაში, ქვაბღასა და ბახმაროში შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება. გასულია ბრიგადები შესაკეთებლად და ველოდებით, რომ ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე წუთში აღდგება. რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, გზები ყველა მიმართულებით იწმინდება, _ გვითხრა დავით შარაშიძემ.
შარაშიძის თქმით, ბახმაროს მიმართულებით გზა იმ ადგილას დაიკეტება, რომლის შემდეგ ტექნიკა გაწმენდას ვეღარ შეძლებს.
_ ბახმაროს სტუმრები დაკეტილი მონაკვეთის შემდეგ გზის გაგრძელებას სპეციალური ბურანის საშუალებით შეძლებენ. ბახმაროს მონახულების მსურველებს, ვურჩევდი, ცოტა ხნით თავი შეიკავონ, რადგან ამ დროისთვის კურორტზე ქარიშხალია”, _ გვითხრა დავით შარაშიძემ.