ასაკობრივ რისკჯგუფებში ვაქცინაციის წახალისების მიზნით, 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატის გაცემა იანვრის განმავლობაშიც გაგრძელდება და დანამატს , ნაცვლად 60 წლის და მეტი ასაკის პირებისა, 50 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეები მიიღებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა მოქალაქე, ვინც 2022 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია, თვის განმავლობაში ორჯერ მიეწოდება და ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას.
ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge/
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3 და 15 22-ს.