კვლევები აჩვენებს, რომ ინტერესით წაკითხული წიგნი ბავშვის ფსიქოლოგიაზე დადებითად მოქმედებს, არამხოლოდ აკადემიური, არამედ სოციალური კუთხითაც.
მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენს შვილს არ მოსწონს კითხვა? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. შესაძლოა, რომ უჭირთ დიდი ხნის განმავლობაში ერთ საგანზე კონცენტრაცია, ან ჰგონიათ, რომ კითხვა მოსაწყენია. ბავშვების დიდი ნაწილი კომპიუტერული თამაშებით უფრო მეტადაა დაინტერესებული, ვიდრე კითხვით. მიუხედავად ამისა, არსებობს სასარგებლო რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში.
- პირველ რიგში, ესაუბრეთ მათ წიგნებზე. მოუყევით ისტორიები, რომლებიც ასაკის შესაბამისად გამოიწვევს მათ ინტერესს. დაუსვით კითხვები უკვე წაკითხული წიგნებიდან.
- გახადე კითხვა უფრო გასართობი. ძალიან ბევრი გზა არსებობს, რომ წიგნის კითხვა ბავშვისთვის უფრო სასიამოვნო და საინტერესო გახდეს. მაგალითად, უთხარით ბავშვს, რომ დახატოს მის მიერ წარმოდგენილი პერსონაჟი, ან გადმოეცით/დაუხატეთ თქვენი წარმოდგენით შექმნილი პერსონაჟები.
- სცადეთ გასართობი წიგნები. “პეპი გრძელი წინდა” ყველას მოსწონს. თუ ბავშვს უფრო სერიოზული ისტორიები მოსწონს, მაშინ “წითელქუდა” ზედგამოჭრილია!
- არ აუკრძალოთ რაიმე სახის ლიტერატურის კითხვა. თუნდაც ის იყოს მოკლე ისტორია, ლექსი, სასაცილო წიგნი, სამეცნიერო ფანტასტიკა ან მსგავსი. არ აქვს მნიშვნელობა თუ რას კითხულობს ბავშვი მანამ, სანამ ეს პროცესი სიამოვნებს. პატარა ნაპერწკალი დიდ სიყვარულს აღვივებს წიგნებისადმი.(არც იმ შემთხვევაში ინერვიულოთ, თუ ბავშვი მუდამ ერთსა და იმავე წიგნს კითხულობს)
- მიეცით საშუალება, რომ თავისით აირჩიოს. ძალიან კარგი იქნება, თუ ბავშვს მისცემთ უფლებას, რომ აიღოს ის წიგნი, რომელიც მოსწონს. შეიძლება, წაიყვანოთ წიგნების მაღაზიაში, ან მიაჩვიოთ ბიბლიოთეკაში სიარულს, რადგან ხშირ შემთხვევაში, იქ ძალიან კარგი გარემოა.
- წაუკითხეთ/წაიკითხოს წიგნები ხმამაღლა. წიგნები მხოლოდ საკითავად არ არის შექმნილი. არსებობს აუდიოწიგნები, რომლებიც ძალიან სასიამოვნო მოსასმენია და ხშირად, ბავშვებს ამბის მოსმენა უფრო აინტერესებთ, ვიდრე წაკითხვა. შეეცადეთ, ამბავს ერთად უსმინოთ და განიხილოთ სიუჟეტი.
- შეარჩიეთ წიგნები, რომლებიც ბავშვის ინტერესს შეეფერება. თუ ბავშვი კომპიუტერული თამაშების მოყვარულია, მაშინ რატომაც არ უნდა წაიკითხოს საინტერესო ფაქტები Minecraft-ის შესახებ, ან ვირტუალური რეალობის შექმნის ისტორია? ხოლო თუ სპორტი მოსწონს, შესთავაზეთ სპორტსმენების ბიოგრაფიული წიგნები, მათი მიღწევები და შესაძლებლობები. თარგმნა ცოტნე ქევხიშვილმა.
მომზადებულია booktrust. org.uk-ის მიხედვით.
ავტორი: ცოტნე ქევხიშვილი