“მოგწონს, არ მოგეწონოს – მოითმინე, ჩემო ლამაზო” – ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვას – არის თუ არა ძალაში ე.წ. მინსკის შეთანხმება.
“რაც შეეხება მინსკის შეთანხმებებს, ცოცხალია და მე მჯერა, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კიევში ხან ამბობენ, რომ შეასრულებენ, ხან ამბობენ, რომ ეს მათ ქვეყანას დაანგრევს. მოქმედმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებების არც ერთი პუნქტი არ მოსწონს. “მოგწონს, არ მოგეწონოს – მოითმინე, ჩემო ლამაზო”. უნდა შესრულდეს. სხვანაირად არ გამოვა”,- თქვა პუტინმა.
პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა პოროშენკოს მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ქვეყნის ღალატს აბრალებენ, მაგრამ მინსკის შეთანხმება მთელმა ქვეყანამ მიიღო.
“ახლა იგივე პოროშენკოს ახვევენ, ღალატში ადანაშაულებენ, მიანიშნებენ, რომ მან ხელი მოაწერა შეთანხმებებს. დიახ, მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს, მერე რა? მთელმა ქვეყანამ მიიღო. ამას უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ადასტურებს.
არ ვხუმრობდი, როცა ვუთხარი: “იცით, მოვა სხვა დრო, ჩვენ მზად ვიქნებით მოგცეთ პოლიტიკური თავშესაფარი ჰუმანიტარული მიზეზების გამო”. არა იმიტომ, რომ ძალიან მოგვწონს ან მოგვწონს მისი პოლიტიკა, არამედ ჰუმანიტარული მიზეზების გამო“,– თქვა პუტინმა.
შეგახსენებთ, ე.წ. მინსკის შეთანხმება 2015 წელს დონბასში შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტისა და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით მიიღეს. მაშინ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იყო. შეთანხმებით შეიქმნა ე.წ. რუხი ზონა კონფლიქტის მხარეებს შორის და განისაზღვრა თუ რა იარაღის ტიპების განლაგებაა შესაძლებელი ამ ზონის მახლობლად.
გაფორმების შემდეგ, პროტოკოლი მრავალჯერ დაირღვა. მისი დახმარებით დონბასში კონფლიქტი ვერ შეჩერდა.