ახალგაზრდა ბიჭის წამოწყების შესახებ უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო. საინტერესოა, თუ როგორი გაგრძელება ექნება ამ სახალისო ექსპერიმენტს
ამ სტატიაში მინდა გაგაცნოთ ჟორა კეისარი, ბიჭი, რომლემაც გადაწყვიტა, რომ ე.წ სკრეპი, ანუ ქაღალდის სარჭი, ელექტრომობილში გადაცვალოს. ეს იდეა მოდის კანადელი – კაილ მაკდონალდისგან, რომლემაც 2005 წელს სკრეპი სახლში გადაცვალა. მან ჯერ სკრეპი კალამში გაცვალა, შემდეგ კალამი კარის სახელურში, კარის სახელური ქურაში და ამგვარი ჯაჭვის პრინციპით მოახერხა, რომ საბოლოო ნივთი სახლში გადაეცვალა. ჟორას იდეაც სწორედ მისგან მოდის. ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ მსგავსი ექსპერიმენტები ერთობ საინტერესო და ამავდროულად სახალისოა.
რა თქმა უნდა, ზემოთქმული წამოწყება არ არის მარტივად შესასრულებელი, რადგან წინ არაერთ დაბრკოლებას ვხვდებით. მაგალითად, მანძილი, ან შესაძლოა, რომ არ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ნივთის გაცვლას მოინდომებენ. ალბათ ყველაფერი იღბალსა და წარმატებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, ჟორა არ აპირებს პროექტის შეწყვეტას და პირიქით, ნელ-ნელა წინ და წინ მიიწევს.
ჟორა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ სკრეპი მაშინ იპოვა, როცა სამსახურში მიდიოდა, შემდეგ კი ტელეფონით ვიდეო გადაიღო, თუ როგორ იღებდა ნაპოვნ ნივთს. მან ეს მოვლენა ერთგვარ მინიშნებად ჩათვალა, რომ დაეწყო პროექტი „სკრეპი-ელექტრომობილში“. გარდა ამისა, ჟორა აქტიურობს TikTok-ზეც, სადაც თითქმის 26 ათასი გამომწერი ჰყავს.
პირველ რიგში, საიდან მოვიდა იდეა, რომ სკრეპი ელექტრომობილში გადაგევალათ?
_ იდეა კაილ მაკდონალდსისგან მოვიდა. შემდეგ საკუთარ თავს ვკითხე, შეიძლება ქაღალდის სკრეპი ელექტრომობილში გადაიცვალოს? მალე გადავწყვიტე, რომ იდეა რეალობად მექცია და 2021 წლის 10 სექტემბერს ფეისბუკ ჯგუფიც შევქმენი. მას შემდეგ დავიწყე ვიდეოებით ნივთების გადაცვლის მსურველთა ძებნა.
პროექტის დასაწყისში გქონდათ თუ არა მოლოდინი, რომ იდეა ამგვარ სახეს მიიღებდა და უამრავი ადამიანისთვის გახდებოდა ცნობილი?
_ ფეისბუკ ჯგუფში რომ დაპოსტე ამის შესახებ, მალევე მივიღე უამრავი დადებითი ემოცია და პოზიტიური გამოხმაურება. მეგობრების გარდა, უცხო ხალხიც მწერს სოციალურ ქსელებში და თავიანთ რჩევებს მიზიარებენ. სიმართლე გითხრათ, დასაწყისში არ ვფიქრობდი, რომ ჩემი წამოწყება ამდენად ცნობილი და რაც მთავარია, საინტერესო გახდებოდა. ვფიქრობდი, მხოლოდ 500 კაცი თუ აჰყვებოდა იდეას და მიადევნებდა თვალყურს. შედეგად კი ძალიან დიდი სითბო და დადებითი მუხტი მივიღე.
ნივთის გასაცვლელად ჩასულხართ თუ არა სხვა ქალაქში?
_ კი, კომპიუტერის ქეისი ქობულეთში გადავცვალე. ჩასვლა ნებისმიერ ადგილზე შემიძლია, თუ გაცვლაზე შევთანხმდებით.
აუცილებლად უნდა ველოდოთ თქვენგან წამოწყების ბოლომდე მიყვანას?
_ რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ვფიქრობდი, საქართველოში შესაძლოა იდეა არ ყოფილიყო წარმატებული, ახლა ასე არ არის. მინდა, რომ ყველაფერი ბოლომდე მივიყვანო. იდეა არანაირად არ არის დაკავშირებული რაიმე სახის მატერიალურ სარგებელთან. ეს წამოწყება უფრო სოციალური ექსპერიმენტია, რომლითაც ხალხის რეაქციას, ჩართულობასა და დამოკიდებულებას ვამოწმებთ. თან ვფიქრობ, რომ პროექტის წარმატების შემთხვევაში, გაცვლა-გამოცვლის კულტურის ყოველდღიურ ცხოვრებაში პოპულარიზაციას შევუწყობ ხელს.
შეგახსენებთ, რომ ჟორა ახლაც აგრძელებს სოციალურ ქსელებში აქტიურობას და ელოდება ადამიანს, რომელიც 700 ლარის ღირებულების ველოსიპედს სხვა ნივთში გადაუცვლის.
[sexy_author_bio]