დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ქალაქ ოზურგეთში, კასპსა და სამტრედიაში აქცია გამართეს.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან მოითხოვენ კომუნალური გადასახადების შემცირებას და ასევე, აპროტესტებენ ბოლო დროს გადასახადების მომატებას.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით მჟავანაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ხალხს საკვების საყიდელი ფული არ აქვს და ხელისუფლება კომუნალური გადასახადების მომატებით არის დაკავებული.
“რეალობა არის ის, რომ ადამიანები ძლივს არჩენენ ოჯახს. ამ დროს გაზის, შუქის გადასახადი გაორმაგდა, გასამაგდა – ეს არის ხალხის დაცინვა და კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ “ქართულ ოცნებას“, არ აწუხებს ხალხის პრობლემები.
მაგალითად, ჩემი ნაცნობი 15 დღეა არ არის სახლში და აქედან გამომდინარე, არც შუქით, არც გაზით არ სარგებლობს. სამაგიეროდ, გადასახადი მოვიდა ერთ წელიწადში ვერ დახარჯავდა. ახლა კი იმის საშუალება არ აქვს, ეს თანხა გადაიხადოს და სავარაუდოდ, ჩაუჭრიან შუქს.
სამაგიეროდ, პრემიერ-მინისტრის ცოლს და ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს ტყეს ჩუქნიან და თავს ევლებიან“, _ აღნიშნა დათო მჟავანაძემ.
აქცია ოზურგეთში ადმინისტრაციული შენობის წინ გაიმართა. აქციის დროს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს “ქართული ოცნების“ წევრები დაუპირისპირდნენ.
“გამოაგზავნეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები. სამივე ქალაქში ერთი და იგივე მესიჯები გააჟღერეს. ისინი მხოლოდ “ნაცმოძრაობის“ ცხრა წლის ძახილით იყვნენ დაკავებულები“, – გვითხრა დავით მჟავანაძემ.