შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული თ.ბ. ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულ თ.ბ.-ს თბილისში, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ, მისთვის უცნობ მამაკაცებთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის ნიადაგზეც თ.ბ.-მ 3 პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული და უტარდებათ შესაბამისი დახმარება.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად თ.ბ. დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved