„დღეს ძალიან მწარე და ტკივილიანი ორშაბათი გაგვითენდა, ტარო… როგორ გვენანები, ეს შენი ბოლო დაბადების დღე ყოფილა, ჩვენთან ერთად, ღმერთმა ნათელში დაგიმკვიდროს სასუფეველი!“ _ წერენ სოციალურ ქსელში ოზურგეთის საკრებულოს წევრები თანამშრომელზე, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა და საზოგადოებაში დიდი სიყვარულით სარგებლობდა და აქვეყნებენ დაბადების დღის ფოტოს.
ტარიელ ჩხარტიშვილი დიდი ხანია, ოზურგეთის საკრებულოში საინფორმაციო, ანალიტიკური და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში მუშაობდა. ის, წუხელ, მოულოდნელად გარდაიცვალა.
_ საოცარი ადამიანი იყო. ეს ხომ ყველამ იცის. ახლახან კოვიდი გადაიტანა, თუმცა, მერე კარგად იყო. ამ დილით გავიგეთ, რომ წუხელ, მოულოდნელად გარდაიცვალა. უსაზღვროდ ვწუხვართ, _ გვითხრა საკრებულოს თანამშრომელმა, ნათია ლომჯარიამ.
„გურია ნიუსი“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, მეგობრებს.