ტონზილები (გლანდები, ნუშურები) ხახის ორივე მხარეს განლაგებული ლიმფური ქსოვილია, რომელთა ანთებას ტონზილიტი ეწოდება, რაც საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა. ტონზილიტი ყველაზე ხშირად ბავშვებს ემართებათ, ხოლო ბაქტერიებით გამოწვეული ტონზილიტი ყველაზე ხშირია 5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. ტონზილიტის გამომწვევი მიზეზი მიკრობების ხშირი ზემოქმედებაც ხდება. სკოლის ასაკის ბავშვები მჭიდრო კონტაქტში არიან თანატოლებთან და ხშირად ექვემდებარებიან ვირუსებს ან ბაქტერიებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ტონზილიტი.
იყო დრო, როცა მშობლებს ბავშვები ტონზილების ამოსაკვეთად საკუთარი გადაწყვეტილებით მიჰყავდათ, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ოპერაციის გაკეთების აუცილებლობა და რიგ შემთხვევაში, აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ სულ ტყუილად იდგნენ ექიმის კართან ოპერაციის რიგში.
რა მნიშვნელობა აქვს ტონზილებს ორგანიზმისთვის და როდის ხდება საჭირო ოპერაციის გაკეთება _ ამ საკითხის შესახებ “გურია ნიუსი” მიხეილ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრს, ანა მაღრაძეს ესაუბრა.
პედიატრის თქმით, ტონზილები, ე.წ. გლანდები, ადამიანს ორგანიზმს ვირუსის შეჭრისგან იცავს.
“ტონზილარული ქსოვილი აქვს ყველა ადამიანს. ის არის ფიზიოლოგიური, ორგანიზმის იმუნური რგოლის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც აქვს დამცველობითი ფუნქცია ჩვენს ორგანიზმში. ვირუსების შეჭრა ორგანიზმში ხდება პირის, ცხვირის ღრუს საშუალებით. შესაბამისად შეჭრილი ვირუსების განეიტრალებას ახდენენ ლიმფური ორგანოები, რომელსაც ტონზილებს ვუწოდებთ. ხალხი მას გლანდებს ეძახის. ხშირად მშობლები ამბობენ, რომ ბავშვს აქვს ყელის პრობლემები, აქვს გლანდები და ამის გამო ხდება ავად. სინამდვილეში ესე არ არის. ინფექციის შეჭრა ხდება ყელიდან, ცხვირიდან და პირველი ნიშანი რასაც ამ დროს ვიზუალურად მშობელი თუ ექიმი ამჩნევს, არის ტონზინალური ქსოვილის ჰიპერემია, ამიტომ მშობელი მიიჩნევს, რომ ბავშვს აქვს ტონზილების პრობლემა და უნდა მოაშოროს”, _ ამბობს მაღრაძე და ყურაღებას იმ კრიტერიუმებზე ამახვილებს რა შემთხვევაშიც აუცილებელია ტონზილექტომის ჩატარება, ანუ ტონზილების ამოკვეთა.
“თუ პაციენტს აღენიშნა ანგინა 4-წლამდე ასაკისას წელიწადში 8-ჯერ, 4-იდან 6 წლამდე ასაკის პერიოდში _ წელიწადში 4-6 ჯერ, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ოპერაცია. ანგინა იგულისხმება, როცა არის ჩირქოვანი ნადები. ტესტით გამოვლინდა, რომ ამას იწვევს სტეპტოკოკი და საჭიროა ანტიბიოტიკის ჩართულობა. როგორც ვიცით, ყველა ავადობა არ საჭიროებს ანტიბიოტიკით თერაპიას და არ შეიძლება ანტიბიოტიკების თვითნებურად მიიღება. როდესაც დაავადება გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს კონკრეტული ჯგუფის ანტიბიოტიკის შერჩევა. თუ ბავშვს აღენიშნება ქრონიკული ტონზილიტისთვის დამახასიათებელი ჩივილები, ეს შეიძლება იყოს სახსრების ტკივილი, ადვილად დაღლა, გულის სარქველის დაზიანება, _ ეს არის ის კრიტერიუმები, როდესაც უნდა გადაწყდეს ოპერაცია”.
თუმცა, პედიატრის თქმით, ტონზილების ამოკვეთა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ავადობა დასრულდება.
“ოპერაცია იგეგმება პედიატრის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის და ზოგჯერ რევმატოლოგის ჩართვით. ეს არ არის მარტივი ოპერაცია, როდესაც თვლის მშობელი რომ მოაშორებს ტონზილებს ბავშვს და ამით დასრულდება ავადობა. ეს ესე არ იქნება, იმიტომ რომ მას აქვს ბარიერული ფუნქცია და შესაბამისად, ტონზილების მოშორება ავადობის დასრულების მიზეზი ვერ გახდება”, _ ამბობს მაღრაძე.
პედიატრის თქმით, თუ ოპერაცია დროულად არ გაკეთდება შეიძლება რევმატიზმი განვითარდეს და ფიზიკური უნარების შეზღუდვამდეც კი მივიდეთ.
“თუ ოპერაცია დროულად არ გაკეთდება, შეიძლება განვითარდეს რევმატიზმი, რომელსაც ახასიათებს თირკმლის დაზიანება, გულის დაზიანება და შეიძლება მიგვიყვანოს ფიზიკური უნარების შეზღუდვამდე”, _ ამბობს მაღრაძე.
პედიატრი აღნიშნავს, რომ ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში ტონზილები 14 წლის შემდეგ თვალისთვის შეუმჩნეველი ხდება.
“თუ არ საჭიროებს ბავშვი ოპერაციას, მაშინ საშიში არაფერია. ასაკთან ერთად ტონზინალური ქსოვილი განლევას განიცდის. 14 წლის შემდეგ ჯანმრთელ ადამიანში ტონზილებს ვიზუალურად ვეღარც კი დაინახავთ. თუ მოგვიანებითაც რჩება ეს ქსოვილი და დიდ ასაკში უკვე ჩამოთვლილმა პრობლემებმა იჩინა თავი, კეთდება ოპერაცია”, _ ამბობს მაღრაძე.
ინფორმაციისთვის, ვირუსული და ბაქტერიული ტონზილიტის გამომწვევი მიკრობები გადამდებია, ამიტომ აუცილებელია ისეთი ჰიგიენის დაცვა, როგორიცაა ხელების დაბანა ჭამის წინ და საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ. მოერიდეთ საკვების, სასმელი ჭიქების, ბოთლების ზიარ მოხმარებას. ბაქტერიული ინფექციის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით კი დააცემინეთ, დაახველეთ ხელსახოცში, ან გამოიყენეთ იდაყვი. აუცილებელია ხელების დაბანა დახველების ან დაცემინების შემდეგ. გარდა ამისა, გამოჯანმრთელებამდე დარჩით სახლში.