საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდი მსოფლიოს პირველობის მორიგი შესარჩევი შეხვედრის ჩასატარებლად ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრა და მასპინძელთა ნაკრები დაამარცხა – 79:65. ამ წარმატების შემდეგ ჩვენმა გუნდმა მეორე საკვალიფიკაციო სტადიაზე ასპარეზობა უკვე გაინაღდა.
მატჩის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ნაკრების ამერიკელი მოთამაშე თად მაკფადენი და ბერძენი მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი გამოცხადნენ. უშუალოდ მატჩის პერიპეტიების შეფასების შემდეგ უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებზე ისაუბრეს.
თად მაკფადენი – „კალათბურთს ვთამაშობთ, თუმცა, ჩვენს გარშემო უფრო მნიშვნელოვანი ამბებიც ხდება. ომს უდანაშაულო ხალხი ეწირება და ეს, სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს.“
ილიას ზუროსი – „ეს ომი უნდა შეჩერდეს. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ 2022 წელს ომის წარმოება არასწორია.“
გუშინ ცნობილი გახდა რომ ფიფამ რუსეთი საერთაშორისო მატჩებიდან არ მოკვეთა და მხოლოდ ჰიმნისა და სახელწოდების გამოყენება აუკრძალა. ფიფას ამ გადაწყვეტილებაზე უარყოფითი პოზიცია გუშინვე დააფიქსირა პოლონეთმა. ამ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა ჩეზარი კულეშამ აღშფოთება ვერ დამალა:
„ამ სამარცხვინო გადაწყვეტილების გამო, წერილით მივმართეთ ყველა ევროპულ ასოციაციას, გავაცანით ჩვენი პოზიცია და მოვუწოდეთ, გვერდში დაგვიდგნენ. მხოლოდ ერთად ყოფნით ვიქნებით ძლიერები“, – დაწერა პოლონური ფეხბურთის თავკაცმა საკუთარ „ტვიტერზე“ და დასძინა, რომ მიუხედავად ფიფას გადაწყვეტილებისა, პოლონეთის ნაკრები (ისევე, როგორც შვედეთი და ჩეხეთი) რუსეთის წინააღმდეგ თამაშს არც ნეიტრალურ მოედანზე აპირებს.
გუშინ გავრცელდა ასევე ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური განცხადებაც რომლის მიხედვითაც, ინგლისის არცერთი ასაკობრივი ნაკრები ახლო მომავალში რუსეთთან თამაშს არ აპირებს – მიუხედავად იმისა, თუ რას გადაწყვეტს ფიფა.
გუშინ ცნობილი გახდა რომ ალბანეთის ნაკრებიც უარს ამბობს, უახლოესი „ერთა ლიგის“ მასშტაბით მათი ჯგუფის მეტოქე რუსებს დაუპირისპირდნენ – ამის შესახებ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლკა ჯაჩკამ განაცხადა. ასე რომ მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, ფიფა-ს მაინც მოუწევს რუსეთის საერთაშორისო მატჩებიდან მოკვეთა. უკვე რამდენიმე ნაკრები, მათ შორის რუსეთის მეტოქეები მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლაში უარს აცხადებენ რუსეთთან თამაშზე.
გუშინ მოსკოვის „ცსკამ“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პროტესტის ნიშნად საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ამ გუნდის დატოვება გადაწყვიტა. ის ამჟამად ოჯახთან ერთად ესპანეთშია.
„ოჯახური და პირადი მიზეზებით, რაც დაკავშირებულია რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ სიტუაციასთან, თორნიკე შენგელიამ და იფე ლუნდბერგმა კლუბი დატოვეს. მალე სამშობლოში დაბრუნდებიან იოჰან ვოიტმანი (გერმანია) და მარიუს გრიგონისი (ლიეტუვა). კალათბურთელების მოქმედებები კონტრაქტის პირობებისა და კლუბის რეგლამენტის დარღვევაა. თუმცა გუნდი გაგებით ეკიდება მოთამაშეთა მდგომარეობას. მათთან შეთანხმების სტატუსი გაირკვევა მას შემდეგ, რაც პოლიტიკური და სპორტული სიტუაცია ევროპაში დარეგულირდება.“ – ნათქვამია რუსული გუნდის განცხადებაში.
36 წლის უკრაინელი ჩოგბურთელი სერგეი სტახოვსკი ორი დღის წინ საკუთარი ქვეყნის სამხედრო რეზერვს შეუერთდა:
„რეზერვში გასულ კვირას დავრეგისტრირდი. მართალია, სამხედრო გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ მაქვს პირადი იარაღი. მამაჩემი და ჩემი ძმა ქირურგები არიან, ისინი სტრესში არიან და სარდაფში სძინავთ. რა თქმა უნდა, ვიბრძოლებ. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აქ ვარ,” – განაცხადა ყოფილმა ჩოგბურთელმა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა პროფესიონალმა ჩოგბურთელმა დაიანა იასტრემსკამ ორი ღამე მიწისქვეშა ავტოსადგომში გაატარა:
„მიწისქვეშა ავტოსადგომში ორი ღამის გატარების შემდეგ, ჩემმა მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მე და ჩემი პატარა და უკრაინიდან გავეშვით. დედა, მამა, ძალიან გვიყვარხარ, თავს გაუფრთხილდით, მიყვარხარ ჩემო ქვეყანავ“ – დაწერა 21 წლის ჩოგბურთელმა საკუთარ ინსტაგრამზე.
რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმისა და იქ მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომის შესახებ „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმაც ისაუბრა. კლოპი შეფასებაში მკაცრი იყო და პუტინის გასაკრიტიკებლად სიტყვები არ დაუზოგავს.
„რუსეთის პრეზიდენტი სრულად არის პასუხისმგებელი ომის დაწყებასა და უკრაინაზე თავდასხმაზე, რომელსაც ათასობით ადამიანი ეწირება. თითქმის 55 წლის ვარ და ჩემი ტვინი ვერ გებულობს, თუ როგორ შეიძლება ერთმა, ბოროტმა ადამიანმა ამ დღეში ჩააგდოს მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი უკრაინელები. ეს მართლა ძალიან ბოროტი კაცის ომია.“
[sexy_author_bio]